თურქმენეთში ჯანელიძემ საქართველოს ენერგეტიკულ სატრანზიტო როლს გაუსვა ხაზი
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'17 / 12:51

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 28-29 ნოემბერს გამართული ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის 28-ე შეხვედრაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოს როგორც ენერგეტიკული რესურსების სატრანზიტო ქვეყნის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას საერთაშორისო ენერგეტიკულ ქარტიაში.

52 ქვეყნის და 10 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას, ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტები, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების განვითარებას და მათ შორის კარგ შესაძლებლობებს ქმნის თურქმენული გაზის ტრანსპორტირებისთვის ევროპაში.

თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ თურქმენეთის ჩართვა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტში  საშუალებას მისცემს მას, რომ საკუთარი გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირება განახორციელოს.

აშხაბადში ჯანელიძე თავის თურქმენ კოლეგას, რაშიდ მერედოვს შეხვდა, სადაც მინისტრებმა ენერგეტიკის და ტრანსპორტირების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯანელიძე და მერედოვი ასევე შეეხნენ ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ლაპის ლაზულის შეთანხმებას, რომელსაც ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანმა, ავღანეთმა, თურქმენეთმა, საქართველომ და თურქეთმა მოაწერეს ხელი.

Civil.Ge © 2001-2024