არასამთავრობოები სუს-ის უფლებამოსილების გაფართოების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
Civil Georgia, Tbilisi / 30 Nov.'17 / 16:55

სამოქალაქო სექტორი შეშფოთებას გამოთქვამს, áƒ›áƒ—ავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის „დაჩქარებული“ პროცესის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის უფლებამოსილების გაფართოების გამო.

12 არასამთავრობო ორგანიზაცია, ერთობლივ განცხადებაში, ყურადღებას სუს-ის და დაზვერვის სამსახურის შერწყმის საკითხზე ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ორი უწყების გაერთიანების შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ჭარბი,  უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის“ ბერკეტებს მიიღებს.

არასამთავრობოების შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენს სუს-ისთვის დაზვერვის სამსახურის იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომლის მიხედვითაც მის თანამშრომელს, „სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად“,  თანამდებობის დაკავება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, ასევე კერძო საწარმოებსა და ორგანიზაციებში შეეძლება. აქამდე სუს-ს, სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, თანამშრომლის მივლენა მხოლოდ მთავრობის მიერ დადგენილი „უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე“ სახელმწიფო ორგანიზაციებში შეეძლო. 

არასამთავრობოების თქმით, „ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სწორედ წარმოადგენს მცდელობას დააბრუნოს და გააძლიეროს საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ე.წ.  ‘ოდეერის’ [რუს. - Офицер действующего резерва] პრაქტიკა“. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები „ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს“, ასევე „მაღალი ალბათობით, გამოიწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და საფუძველს შეურყევს ქვეყნის ინსტიტუციურ მართვას“. 

სუს-ის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის უარყოფით მხარეებზე საუბრობს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიც (EMC). ორგანიზაციის თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია, „იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტიტუციური მოწყობა, დაუბალანსებელი ფუნქციები, ანგარიშვალდებულების დაბალი ხარისხი, სამსახურის საქმიანობაზე არაეფექტური საპარლამენტო კონტროლი“ ისედაც წარმოადგენდა საზოგადოების კრიტიკის საგანს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების გაფართოებას ეხმაურება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. საია, სხვადასხვა საკითხთან ერთად, ყურადღებას ამახვილებს იმ ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც სუს-ის და ფარულ მიყურადებაზე პასუხისმგებელი სააგენტოს ხელმძღვანელ პირებზე აღარ გავრცელდება „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი, რომელიც თანამდებობრივი შეუთავსებლობის, ინტერესთა კონფლიქტის, საჩუქრის მიღების და ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის საკითხებს არეგულირებს. 

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს დაზვერვის სამსახურისთვის მინიჭებული „კონტროლის მექანიზმები არ გაავრცელოს მთლიანად უსაფრთხოების სამსახურზე“. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პროცესი წარიმართოს „გონივრულ ვადებში, ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართულობით“, რათა „მსგავსი მასშტაბის რეფორმები განხორციელდეს საჯარო განხილვებისა და მაქსიმალური კონსენსუსის ფონზე“.

Civil.Ge © 2001-2024