მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაში ცვლილებები შედის
Civil Georgia, Tbilisi / 4 Dec.'17 / 18:18

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაში, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტმა 27 ნოემბრიდან დაიწყო, ცვლილებები შედის. 

პარლამენტის თამჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან მთავრობის მიერ გაწვეულია ის კანონპროექტები, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში დაზვერვის სამსახურის შესვლას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 4 დეკემბერს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

„ამასთან დაკავშირებით შედგა საპარლამენტო კონსულტაციები და ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ იქნას გაწვეული შესაბამისი ნაწილი [საკანონმდებლო ცვლილებათა] პაკეტის. შესაბამისად, ინიცირებული აღარ არის დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაერთიანება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მოქმედი კანონმდებლობით, დაზვერვის სამსახური პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულებაა. áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანება ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელიც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესში სამოქალაქო სექტორის კრიტიკას იწვევდა. არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობდნენ, რომ ორი უწყების გაერთიანებით სუს-ი „ჭარბი,  უკონტროლო ძალაუფლების და ტოტალური კონტროლის“ ბერკეტებს მიიღებდა.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს დაჩქარებული წესით, სამი მოსმენით, 6-8 დეკემბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ცალკეული სამინისტროების შერწყმა და რეორგანიზაცია იგეგმება.

Civil.Ge © 2001-2024