ქართველი პოლიტიკოსების კომენტარები კიევში სააკაშვილის დაკავებაზე
Civil Georgia, Tbilisi / 5 Dec.'17 / 16:21

ქვემოთ áƒ’თავაზობთ ქართველი პოლიტიკოსების კომენტარებს კიევში სააკაშვილის დაკავების თაობაზე.

გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი:
„კიევში მიმდინარე მოვლენები არის უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესები. ამავდროულად, ამ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. იმედი გვაქვს, რომ მისი ფიზიკური დაცულობა იქნება უზრუნველყოფილი“.

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე:
„ამ შემთხვევაში ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ. ჩართული იქნებიან ბუნებრივია ქართული უწყებები ამ საკითხის გადაწყვეტაში. მთავარია სამართლებრივად მოქმედება. პოლიტიკური კუთხით სააკაშვილი საქართველოში აქტუალური აღარ არის.
აქ არ არის მნიშვნელოვანი რა გვაწყობს ჩვენ და რა არ გვაწყობს.  ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ზუსტად ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს ეს საკითხიც“.

კახა კალაძე, თბილისის მერი:
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები, უკრაინის შესაბამის სამსახურებს გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ის არ არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუმცა საქართველოში მასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, წაყენებული აქვს ბრალი კონკრეტულ საქმეებზე, ასევე გაგზავნილი მოთხოვნა მის გადმოცემასთან დაკავშირებით და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. თუ იქნება შესაძლებელი მისი ექსტრადირება, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში“. 

ნიკა მეილია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე:
„რამდენიმე საათის წინ პოროშენკოს ოლიგარქიულმა და ტოტალიტარულმა რეჟიმმა და მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა დააკავეს საქართველოს პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება არის ივანიშვილისა და პოროშენკოს ოლიგარქიული რეჟიმების შეთანხმებული რევანში თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი და უკრაინელი ხალხების წინააღმდეგ. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხდება რუსეთის ფედერაციის დაუფარავი მოთხოვნის საფუძველზე, და სწორედ ამიტომ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადადის მოქმედების საგანგებო რეჟიმზე და აცხადებს გადამწყვეტ ბრძოლას საქართველოსთვის, და მოუწოდებს ყველა საქართველოს პატრიოტს, უკლებლივ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლების იდეალები, გამოვიდეს ხვალ 2 საათზე რუსთაველის მეტროსთან და მონაწილეობა მიიღოს ღირსების მანიფესტაციაში“. 

გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი:
,,ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც დღეს კიევის ქუჩებში ხდება. პოლიტიკურ ოპონენტებს ხელისუფლებები ასე არ უნდე ექცეოდნენ. ეს ნამდვილად არასწორია და განსაკუთრებით ცუდია, როდესაც ეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში უკრაინაში ხდება. მაგრამ თავი და თავი ამ ყველაფრის არის ის პოლიტიკური დევნა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა წამოიწყო 2013 წლიდან და დღემდე გრძელდება მიხეილ სააკაშვილის მიმართ და არა მარტო. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები ქვეყანაში, ამიტომ პრობლემა საქართველოდან არის დაწყებული და საქართველოში უნდა მოგვარდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკური დევნა, უნდა დასრულდეს პოლიტპატიმრების ეპოქა და ქვეყანამ უნდა გადაშალოს ახალი ფურცელი. ეს არის მთავარი და  აი ამ დაწყებული პრობლემის სპირალური გაგრძელებაა ის რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ კიევის ქუჩებში და ამიტომ პასუხისმგებლობა ბუნებრივია პოლიტიკურ დევნაზე 2013 წლიდან სწორედ ივანიშვილის რეჟიმზეა“.

Civil.Ge © 2001-2024