მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტი დაასრულა
Civil Georgia, Tbilisi / 6 Dec.'17 / 14:06


ირაკლი კობახიძე და ივან ბრაიოვიჩი, 4 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე ივან ბრაიოვიჩი 3-5 დეკემბერს საქართველოს სტუმრობდა, სადაც თავის კოლეგას ირაკლი კობახიძეს, ასევე საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდა და საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ გამოვიდა სიტყვით.

მონტენეგროს პარლამენტის ინფორმაციით, 4 დეკემბერს ივან ბრაიოვიჩის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრაზე მხარეებმა მონტენეგროსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ კარგი პოლიტიკური თანამშრომლობა ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების წინაპირობაა.

ბრაიოვიჩმა ასევე გამოთქვა მონტენეგროს სურვილი, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარება აღმოუჩინოს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ „მონტენეგროს წინსვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დიდ იმედს გვაძლევს, რომ საქართველოც მალე შეუერთდება ნატო-ს თანამეგობრობას“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „მონტენეგროს სახით საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეემატა, რაც ჩვენს მომავალ წარმატებაში კიდევ უფრო გვარწმუნებს“.

მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეხვედრაზე, რომელიც ასევე 4 დეკემბერს გაიმართა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს „მონტენეგროს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“. მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მონტენეგროს პრეზიდენტი მალე ეწვევა საქართველოს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ბრაიოვიჩს 5 დეკემბერს შეხვდა, მადლობა გადაუხადა მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. „მადლობას მოგახსენებთ საქართველოს პოზიციის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმში, მათ შორის გაეროს პლატფორმაზე, სადაც ყოველწლიურად გამოგვაქვს რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს პოზიციას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024