არასამთავრობოებმა უკრაინაში ქართველი ჟურნალისტების არშეშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს
Civil Georgia, Tbilisi / 7 Dec.'17 / 13:39

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გასაშუქებლად კიევში ჩასული ქართველი ჟურნალისტების უკრაინაში არშეშვების გამო ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა „შეშფოთება“ გამოთქვეს და საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან განმარტება მოითხოვეს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, რომელშიც 13 ორგანიზაცია, მათ შორის, áƒ¡áƒáƒ˜áƒ, საერთაშორისო გამჭვირვალობა და ფონდი ღია საზოგადოება შედის, áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ©áƒœáƒ”ვს, რომ „მნიშვნელოვანია პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს საზოგადოების ინტერესს - მიიღონ ინფორმაცია უშუალოდ მოვლენათა ეპიცენტრიდან და დაუშვებელია ამ მიზნის მიღწევაში რომელიმე მედიასაშუალებას მუშაობა შეეზღუდოს“.

ქართველი ჟურნალისტების უკრაინაში არშეშვების თაობაზე განცხადება კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, მედიის ინსტიტუტმაც, გაავრცელა.

„შემაშფოთებელია, რომ ჟურნალისტებს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი საქმიანობის განხორციელებაში“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში. მედიის ინსტიტუტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება ყველა მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა თანაბრად შეძლოს.

ქართველი ჟურნალისტების განცხადებით, რომელთა შორისაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, TV პირველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები იყვნენ, უკრაინელმა მესაზღვრეებმა ისინი ბორისპოლის აეროპორტში გააჩერეს და კიევში ჩამოსვლის დასაბუთება მოსთხოვეს. განმარტების მიუხედავათ, აეროპორტში რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ, მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს.

6 დეკემბერს ამ ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს განცხადებით, „ამასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსა და საკონსულო წარმომადგენლობას, როგორც ელჩის, ასევე კონსულის დონეზე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან... ასევე საელჩო აქტიურ კავშირზეა თავად ქართველ ჟურნალისტებთან, რათა შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იყოს მათი სამშობლოში დაბრუნების პროცესი“.

„უკრაინული მხარე მედიის წარმომადგენლებისათვის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ხსნის ქვეყანაში შექმნილი უსაფრთხოების გარემოებებიდან გამომდინარე.“ - ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

ქართველი ჟურნალისტებისთვის უკრაინაში არშეშვების ფაქტების შესახებ ადრეც იტყობინებოდნენ. 27 ოქტომბერს, უკრაინაში შესვლის უფლება რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს არ მისცეს, ხოლო მანამდე, 15 ოქტომბერს, უკრაინაში შესვლაზე უარი საქართველოს პარლამენტის წევრს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, კობა ნაყოფიასაც უთხრეს.

11 ნოემბერს, უკრაინაში არ შეუშვეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც კიევში ჩასულ მიხეილ სააკაშვილის უმცროს შვილს, ნიკოლოზ სააკაშვილს, ახლდა. 17 ნოემბერს კი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილთან კავშირის გამო, უკრაინიდან საქართველოს 8 მოქალაქე გააძევეს.

Civil.Ge © 2001-2024