ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
Civil Georgia, Tbilisi / 8 Dec.'17 / 17:21

7 დეკემბერს ვენაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო სამართლის დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა და ეუთოს, როგორც ინსტიტუტის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

ჯანელიძემ განაცხადა, რომ „განსაკუთრებულ შეშფოთებას“ იწვევს ის ფაქტი, რომ ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრები „მუდმივი დარღვევების და ჩვენი ორგანიზაციის ნორმებისა და პრინციპების, ასევე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევების ფონზე იკრიბებიან“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო მინისტერიალის შეხვედრის შემდეგ, „რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დახურეს საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვები პუნქტების უმეტესობა, გაზარდეს შეიარაღებული ძალების რაოდენობა ადგილზე, 70-ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს, უკანონო შეთანხმებების გზით გააერთიანეს სამხედრო სტრუქტურები, განაგრძეს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და მავთულხლართები აღმართეს, რამაც ოჯახების გაყოფა გამოიწვია, ასობით სამოქალაქო პირი გაიტაცეს, აკრძალეს სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლება, ეთნიკურ ქართველებს ცხოვრების და საკუთრების უფლებები წაართვეს და ა.შ.“.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა „ეთნიკური წმენდის პოლიტიკის ხელახლა გააქტიურების შესახებ“ და ამ კონტექსტში „ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ ერედვში რუსეთის ე.წ. საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქართველი დევნილების 263 სახლის დანგრევაზე“ ისაუბრა.

ჯანელიძის თქმით, საქართველო მზად არის „ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული ყველა ინსტრუმენტი და მექანიზმი გამოიყენოს ოკუპირებულ რეგიონებში ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის შესაწყვეტად“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო მზადაა, კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს და რუსეთს მსგავსი ქმედებისკენ მოუწოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ეუთოს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, რომელიც, მისი თქმით, „ერთადერთი ფორმატია ადგილზე უსაფრთხოების და სტაბილურობის მისაღწევად, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად“.

საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მიესალმა ეუთოს როლს, როგორც პლატფორმას გამოწვევებთან დასაპირისპირებლად და განაცხადა, რომ საჭიროა ეუთოს დამოუკიდებელელი ინსტიტუტებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება და მათი ავტონომიის გაფართოება, ჰელსინკის ვალდებულებების სრულად შესრულება და პოლიტიკური ნების გამოჩენა უსაფრთხოების შესახებ იმ კონცეფციის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ ევროპას კონფლიქტების, გამყოფი ხაზების და გავლენის სფეროების გარეშე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანთან ტომას გრემინგერთან გამართა შეხვედრა, სადაც „კიდევ ერთხელ აღინიშნა ორგანიზაციის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალობა, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ეუთო-ს როლის  მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, ორგანიზაციის აქტიურ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში“, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

Civil.Ge © 2001-2024