ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
Civil Georgia, Tbilisi / 9 Dec.'17 / 18:26

8 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 24-ე შეხვედრის დროს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება კანადის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სახელით გაკეთდა.

განცხადებაში საქართველოს მეგობარი ქვეყნები ადასტურებენ „სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ისინი შეშფოთებას გამოხატავენ, რომ „გრძელდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“ და მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას, რომ „სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“.

საქართველოს მეგობარი ქვეყნები ასევე შეშფოთებულები არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების მეტად გაძლიერების გამო და გმობენ „გადაადგილების თავისუფლების, ცხოვრების, საკუთრებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზს ვუსვამთ, რომ ე.წ. „ბორდერიზაცია“ ... უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“.

განცხადებაში მეგობარი ქვეყნები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ „გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაციის გამო საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთოსეთის რეგიონებში“, მათ შორის საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის სოფელ ერედვში, ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მასობრივი განადგურების ბოლოდროინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში“.

მეგობარი ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ „იძულებით გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებას, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაუბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილებს“.

განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, მინისტრთა საბჭოს ფარგლებში გამართული მეგობარი ქვეყნების შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ „აშშ ძლიერ უჭერს მხარს საქართველოს წევრობას ნატოში და მოუთმენლად ველით ყველა ნაბიჯის დასრულებას იმისათვის, რომ ეს მოხდეს“. გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა ალან დუნკანმა კი ხაზი გაუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Civil.Ge © 2001-2024