საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
Civil Georgia, Tbilisi / 11 Dec.'17 / 13:12


პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2017 წლის III კვარტალში. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 11 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 594.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდათან შედარებით 17.6%-იანი ზრდაა.

2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 404.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში კი 347.5 მილიონამდე შემცირდა. 2017 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელი 1.34 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.9%-იანი ზრდაა.

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მიიღო - 117.8 მლნ აშშ დოლარი. შემდეგ მოდის მშენებლობა - 116.2 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 72.3 მლნ აშშ დოლარი; საფინანსო სექტორი – 71.5  მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა - 39.3 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები - 30.1 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება –  20.6 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 13.8 მლნ აშშ დოლარი; სოფლის მეურნეობა - 5.4 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა - 154.1 მლნ აშშ დოლარი; მას მოყვება თურქეთი - 138.6 მლნ აშშ დოლარით, და გაერთიანებულ სამეფოსა და ნიდერლანდებში დარეგისტრირებული კომპანიები – 63.4 მლნ და 61.9  მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 23.4 მლნ აშშ დოლარი, ჩეხეთიდან - 23.2 მლნ აშშ დოლარი, ჩინეთიდან - 18.4 მლნ აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციიდან - 15.2 მლნ აშშ დოლარი და კორეიდან - 15.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.58 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 1.57 მილიარდი იყო.

Civil.Ge © 2001-2024