დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
Civil Georgia, Tbilisi / 12 Dec.'17 / 18:51


კონფერენცია „საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად“, 12 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

სამი საპარლამენტო პარტიის, მათ შორის, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს, ევროპული საქართველოს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოხატეს იმ საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და áƒžáƒáƒ áƒšáƒáƒ›áƒ”ნტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება.

დეპუტატებმა სავალდებულო კვოტირების შესახებ ისაუბრეს კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, 12 დეკემბერს, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერით გაიმართა. 

ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა კონფერენციაზე გამოსვლისას, რომ ეს კანონპროექტი „დროულია“ და „კარგი მიზანი“ აქვს. „შეიძლება დავაგვიანეთ კიდეც იმიტომ, რომ  ასეთი გადაწყვეტილება უკეთესი იქნებოდა მიგვეღო უფრო ადრე, თუმცა შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ ახლა და ძალიან მალე ეს გადაწყვეტილება მივიღოთ პარლამენტში“, - განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ კანონპროექტის მიღება ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ასევე მიესალმა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობა აიღებს წელს ძლიერ ლიდერობას იმისათვის, რომ კვოტირების მექანიზმი დამტკიცდეს და თავდაჯერებით იქნას მიღებული“. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ კვოტირების მექანიზმი საშუალოვადიან პერიოდში არის საუკეთესო გადაწყვეტილება იმისათვის, რომ ქალთა მონაწილეობა პარლამენტში, საკრებულოებში და პოლიტიკაში გაიზარდოს“, - დასძინა მან.

ოპოზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ ასევე გამოხატა მხარდაჭერა ინიციატივის მიმართ და აღნიშნა, რომ სავალდებულო კვოტირება „დროებითი ნორმის“ სახით უნდა იქნას მიღებული. მისი თქმით, „ფრაქცია, ის, ვინც ვართ პარლამენტში, ჩემი ღრმა რწმენით, მათი უმრავლესობაб თუ არა ყველა, მხარს დაუჭერს სავალდებულო კვოტების შესახებ კანონს“.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ეს შეხებოდა მაჟორიტარულ სისტემას... თუმცა არაფერს ჯობია მივიღოთ ის, რაზეც დღეს ვსაუბრობთ“, - განაცხადა მან.

ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ პირადად ის ქალთა კვოტირების წინააღმდეგია. „მიმაჩნია, რომ  იდეალურ ვითარებაში კვოტირება არ უნდა გვჭირდებოდეს. იდეოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც ჩემთვის ცოტა დამთრგუნველია, მაგრამ ამ დამოკიდებულებას მე არ განვაზოგადებ, რადგანაც მესმის, რომ რაღაც მომენტში ეს შეიძლება გახდეს საჭირო და ამიტომ მეც და ჩვენს პარტიაშიც დღეს ამ შესაძლებლობას ძალიან აქტიურად და  სერიოზულად განვიხილავთ“, - განაცხადა მან.

„საჭიროა სხვა ზომებზე ფიქრი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო წავახალისოთ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამის საუკეთესო საშუალებას შექმნიდა გენდერული სავალდებულო კვოტირება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ კანონპროექტის მიღების საფუძველზე პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობა, არსებული 15%-დან სულ მცირე 25%-მდე გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა და თვითმიზანი არ არის გათანაბრება პარლამენტში ქალებისა და მამაკაცების, მთავარი მიზანი არის საბოლოო შედეგის მიღწევა და ეს საბოლოო შედეგი უნდა იყოს მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სოციალურ ცხოვრებაში მამაკაცებისა და ქალებისთვის განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა“, - აღნიშნა მან.

დეპუტატმა ადა მარშანიამ პატრიოტთა ალიანსიდან, რომელიც ასევე დაესწრო კონფერენციას, განაცხადა, რომ ფრაქცია ასევე დაუჭერს მხარს კანონპროექტს.

კონტექსტი 

კანონპროექტი, რომელიც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა და პარლამენტს 37 ათასი მოქალაქის ხელმოწერით წარუდგინა, ცვლილებების შეტანას საარჩევნო კოდექსში ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს დაევალებათ, რომ სიაში ყოველი მეორე იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. გარდა ამისა, ინიციატივის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.

ქალთა სავალდებულო კვოტების ინიციატივას 5 ოქტომბერს მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. მანამდე კი, ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვის და რეგიონული განვითარების კომიტეტებმაც მოიწონეს. ახლა კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უნდა წარედგინოს, რომელიც გადაწყვეტს დააყენოს თუ არა ის კენჭისყრაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მომდევნო მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით არჩეული 77 დეპუტატიდან ნახევარს ქალები შეადგენენ. ხოლო 2024 წლიდან, როდესაც ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადავა, მათი რაოდენობა სულ ცოტა 75-მდე გაიზრდება.

ქალთა სავალდებულო კვოტების შემოღების ინიციატივები წინა მოწვევის პარლამენტშიც განიხილებოდა. ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივა ქალთათვის 50%-იანი კვოტის დაწესებას მოითხოვდა. ქართული ოცნების დეპუტატთა ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით კი, პარტიულ სიაში ყოველი მესამე კანდიდატი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.

დეპუტატების ნაწილმა ქალთა სავალდებულო კვოტების იდეას მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოოდ, გენდერული კვოტების შესახებ მსჯელობა საკომიტეტო მოსმენებს ვერ გასცდა.
 
ამჟამად, საქართველოს კანონმდებლობა ფინანსურ წახალისებას ითვალისწინებს იმ პარტიებისთვის, რომლებიც მეტ ქალს შეიყვანენ თავიანთ პარტიულ სიებში. თუმცა, უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ფინანსურმა წახალისებამაც ვერ მოაგვარა პარლამენტში ქალთა არასაკმარისი წარმომადგენლობის საკითხი. 

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში იქნა არჩეული, 150 დეპუტატიდან 23 ქალია

Civil.Ge © 2001-2024