პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 14 Dec.'17 / 13:41


ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინა, 12 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს განიხილა, ხოლო 14 დეკემბერს პირველი მოსმენით 115 ხმით მიიღო ახალ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ძირითად კანონში ვენეციის კომისიის ცალკეული რეკომენდაციების ასახვას.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება. ასევე, გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს. შედეგად, გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომელებიც საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვას შეძლებენ.

გარდა ამისა, დაზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები, საიდანაც ამოღებული იქნება „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“.

ამასთან ერთად, ცვლილებები შედის საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებში, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის კონსტიტუციურობის განხილვას ეხება. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება არაკონსტიტუციურად სცნოს არჩევნებამდე 15-თვიან პერიოდში მიღებული საარჩევნო ნორმები, ნაცვლად 12-თვიანი პერიოდისა, როგორც ამას ახალი კონსტიტუციის არსებული რედაქცია ითვალისწინებს. გარდა ამისა, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს. 

გარდა აღნიშნული საკითხებისა, რომელიც კანონპროექტის საწყის ვარიანტში იყო მოცემული, ახალ კონსტიტუციას სხვა ცვლილებებიც ემატება. 

ცვლილებები შედის ახალი კონსტიტუციის მე-5 მუხლში, რომელიც სოციალური სახელმწიფოს პრინციპებს განსაზღვრავს. კერძოდ, ამ მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურ სარგებლობასა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებაზე“. 

ამასთან ერთად ასევე ცვლილებები შედის  განათლების საკითხებთან დაკავშირებულ მუხლშიც. კერძოდ, კონსტიტუციით უზრუნველყოფილი იქნება არა მხოლოდ „აკადემიური თავისუფლება“, რასაც ახალი კონსტიტუციის არსებული რედაქცია ითვალისწინებს, არამედ „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიაც“.

ახალ კონსტიტუციაში ასევე ტექნიკური და სარედაქციო ხასიათის ცვლილებებიც განხორციელდება. 

ცვლილებების მისაღებად მათი ორ თანამიმდევრულ სესიაზე დამტკიცებაა საჭირო, რაც სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით უნდა მოხდეს. შესაბამისად, ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი საბოლოოდ საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.  

ახალი კონსტიტუცია, რომელიც 2017 წლის 13 ოქტომბერს მიიღეს, ძალაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. მასში ცვლილებების შეტანის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა, სექტემბერში, საკონსტიტუციო რეფორმის დასკვნით ეტაპზე, კანონპროექტის საბოლოო ტექსტში, ცალკეული ინიციატივების და áƒ•áƒ”ნეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვა ვერ შეძლო.

Civil.Ge © 2001-2024