ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
Civil Georgia, Tbilisi / 17 Dec.'17 / 17:14

ევროპარლამენტის ცხრა წევრი, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ვანო მერაბიშვილის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის „საბოლოო, საეტაპო მნიშვნელობის“ გადაწყვეტილებას და ყოფილი პრემიერ-მინისტრი „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“. 

16 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილს, რომლის ადრესატებიც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თამვჯდომარე ირაკლი კობახიძე არიან, ხელს აწერს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ხუთი წევრი, ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის (ALDE) ორი წევრი, ასევე ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა (ECR) და სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსის (S&D) თითო წარმომადგენელი. 

„ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელის მომწერი წევრები საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდამჭერნი ვართ... დემოკრატიზაციის თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს შორის, საქართველო უფრო წინ წასულად მიიჩნევა“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები და დასძენენ, რომ წინსვლის გასაგრძელებლად, „აუცილებელია, რომ მთავრობამ გადაჭრას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი“. 

წერილში, ევროპარლამენტარები სხვა საკითხებსაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის როლს და ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსაც ეხებიან. 

„პარლამენტის როლი, განსაკუთრებით კი მთავრობის საპარლამენტო კონტროლი, ნებისმიერი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. პრემიერ-მინისტრი და მინისტრები საპარლამენტო კონტროლს თავს არ უნდა არიდებდნენ. ოპოზიციას კი, მათ შორის შემოწირულობების მოზიდვის და კონკურენციის გაწევის შესაძლებლობების თვალსაზრისით, მთავრობა უნდა ეპყრობოდეს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომლისკენაც საქართველო ისწრაფვის“, - ნათქვამია წერილში. 

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ „მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პლურალისტური მედიაგარემო, რომელიც მოქალაქეებს აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს“. „ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რუსთავი 2-ის, საქართველოს ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მფლობელობის შეცვლის მცდელობებს, რომლებმაც სხვადასხვა პარტნიორების, მათ შორის ეუთოს მედიის თავისუფლების საკითხებში წარმომადგენლის შეშფოთება გამოიწვია“, - აღნიშნავენ წერილის ავტორები. 

„ჩვენ ვრჩებით საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდამჭერებად. თუმცა, პასუხისმგებლობა იმაზე, რომ საქართველოს პროგრესი გაგრძელდეს, პირველ რიგში აკისრია მათ, ვინც საქართველოს ხალხმა საკუთარი ქვეყნის სამართავად აირჩია“, - დასძენენ ევროპარლამენტარები. 

პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველოს წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი, რომელმაც 16 დეკემბერს ევროპარლამენტარების წერილი გამოაქვეყნა, გამოთქვამს იმედს, რომ საქართველოს მთავრობა „პატივისცემით მოეპყრობა ესოდენ მაღალი რანგის დოკუმენტს“. მისივე განცხადებით, ევროპარლამენტარები მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ იმის გათვალისწინებით, რომ „დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე უსაფრთხოების გარემოში, ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ იფიქროს მომავალზე და არა წარსულზე“.

Civil.Ge © 2001-2024