სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
Civil Georgia, Tbilisi / 18 Dec.'17 / 17:54

პანკისის ხეობის მკვიდრი გიორგი მარგოშვილი (იგივე ფეიზულა კუშტანაშვილი და სალაჰუდინ შიშანი) სირიაში მოკლეს, იტყობინება პანკისის სათემო რადიო WAY 18 დეკემბერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ დუისის მკვიდრი, 39 წლის გიორგი მარგოშვილი 2012 წლის აგვისტოს ბოლოს ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მებრძოლების ჯგუფი საქართველოს უსაფრთხოების ძალებს დაუპირისპირდა.

ჟურნალ Long War Journal-ის მიხედვით, მარგოშვილი (სალაჰუდინ შიშანი) „ჰამას ჩრდილოეთით მოკლეს“. ამ ადგილას ბოლო პერიოდში ინტენსიურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი სირიის სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის.

ჟურნალი ასევე წერს, რომ მარგოშვილი ჩრდილოეთ კავკასიელებისა და სირიელი მებრძოლებისგან შემდგარ მცირე ჯგუფს - Jaysh Usrah-ს ხელმძღვანელობდა.

„ამ ჯგუფის შექმნამდე, ის კავკასიის ემირატის სირიის ფილიალის ლიდერი იყო. ეს ფილიალი შიშანიმ და მისმა ყოფილმა მოადგილემ, აბდულ ქარიმ კრიმსკიმ 2015 წლის ივლისში შექმნეს მას შემდეგ, რაც დაჯგუფება „ჯაიშ-ალ-მუხაჯირინ ვალ-ანსარს“ გამოეყვნენ. კავკასიის ემირატი სირიაში კვლავ არსებობს, თუმცა სალაჰუდინის წასვლის შემდეგ ის მცირე და დანაწევრებულია“, - ნათქვამია აშშ-ის დემოკრატიული ქვეყნების დაცვის ფონდის ანგარიშში.     

2012 წლიდან დღემდე სირიაში, სულ მცირე, პანკისი ხეობის 26 მკვიდრი დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მარტის მდგომარეობით, სირიასა და ერაყში ექსტრემისტული ჯგუფების მხარეს „50–მდე საქართველოს მოქალაქე“ იბრძოდა.

 

Civil.Ge © 2001-2024