კობახიძე ვარშავაში პოლონეთის ხელმძღვანელობას შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 19 Dec.'17 / 12:27


მარეკ კუჩინსკი, ირაკლი კობახიძე და სტანისლავ კარჩევსკი, 18 დეკემბერი, 2017. ფოტო: sejm.gov.pl

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთს სტუმრობს, სადაც მან უკვე გამართა შეხვედრები ახლადდანიშნულ პრემიერ-მინისტრთან მატეუშ მორავიეცკისთან,  ასევე პოლონეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების თავმჯდომარეებთან.

პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, რომელიც პირველი შეხვდა კობახიძეს, ხაზი გაუსვა პოლონეთის და საქართველოს პარლამენტებს შორის შემდგომი თანამშრომლობის საჭიროებას და  პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური.

ამავე ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავის ქვეყნის „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე მისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

18 დეკემბერს კობახიძემ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა სეიმის სპიკერთან მარეკ კუჩინსკისთან, სადაც მხარეებმა - ორმხრივი პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაც განიხილეს. მხარეები შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომას 2018 წლის გაზაფხულზე საქართველო უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთის სენატის სპიკერს, სტანისლავ კარჩევსკისაც შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას კობახიძემ განაცხადა, რომ ორ ქვეყანას აქვს „შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები და გარდა ამისა, გვაკავშირებს ხალხთა შორის ისტორიული ურთიერთობები“.

„ჩვენი ისტორიული ურთიერთობები ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლიტიკური კავშირები პოლონეთსა და საქართველოს შორის და ჩვენი, პოლიტიკოსების ვალია, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ ურთიერთობების გაღრმავებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ორმხრივი შეხვედრების შემდეგ საქართველოს პარლამენტს, პოლონეთის სეიმსა და სენატს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ  შეთანხმებაგაფორმდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, „სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება საერთო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე დიალოგს, ურთიერთმხარდაჭერას, რეგულარულ და აქტიურ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, გაცვლით პროგრამებს და საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ მოქმედებას ითვალისწინებს“.

Civil.Ge © 2001-2024