ცხინვალის ხელისუფლებამ 2018 წლის ბიუჯეტი მიიღო
Civil Georgia, Tbilisi / 20 Dec.'17 / 16:26

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პარლამენტის მიერ 19 დეკემბერს მიღებულ „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“ შემოსავლები 7.67 მილიარდ რუბლს შეადგენს (130.8 მილიონ აშშ დოლარს), საიდანაც 6.6 მილიარდი რუბლი (112.4 მილიონი აშშ დოლარი) ანუ მთლიანი შემოსავლების 85.9%  რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსდება.

მოსკოვის დაფინანსებიდან 4.5 მილიარდი რუბლი (76.7 მილიონი აშშ დოლარი) „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“ მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 2.1 მილიარდი რუბლი (35.7 მილიონი აშშ დოლარი) - „საინვესტიციო პროგრამას“.   

რეგიონის საკუთარი შემოსავალი 2018 წელს 1.1 მილიარდ რუბლს (18.4 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს.

რეგიონის 2017 წლის ბიუჯეტი 8.1 მილიარდ რუბლს (138 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 7.3 მილიარდი რუბლი (123 მილიონი აშშ დოლარი) მოსკოვიდან გადმოირიცხა. რუსული სუბსიდიებიდან 4.2 მილიარდი რუბლი (71.5 მილიონი აშშ დოლარი) რეგიონის „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, ხოლო დარჩენილი 3 მილიარდი რუბლი (52.2 მილიონი აშშ დოლარი) – „საინვესტიციო პროგრამის“ განხორციელებას ხმარდება.

Civil.Ge © 2001-2024