პარლამენტში ქართული ოცნების ორი ახალი ფრაქცია შეიქმნა
Civil Georgia, Tbilisi / 27 Dec.'17 / 15:33

პარლამენტის ბიურომ 27 დეკემბერს მხარი დაუჭირა ქართული ოცნების ორი ახალი ფრაქციის შექმნას, რის შედეგადაც პარლამენტში მმართველი პარტიის ფრაქციების რაოდენობა რვამდე გაიზარდა.

ახალ ფრაქციებში საპარლამენტო უმრავლესობის 18 დეპუტატი გაერთიანდა, საიდანაც თერთმეტმა - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკისთვის“ შექმნა, შვიდმა კი - ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ დააფუძნა. ყველა მათგანი სხვადასხვა საარჩევნო ოლქიდან არჩეული მაჟორიტარი დეპუტატია.

ფრაქციას „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკისთვის“ დეპუტატი გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებს. მასთან ერთად, ფრაქციაში ასევე ირაკლი ხახუბია, პაატა მხეიძე, ოთარ დანელია, გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ირაკლი შიოლაშვილი, ედიშერ თოლორაია, გიორგი თოთლაძე, ივლიანე წულაია áƒ“ა იოსებ მაკრახიძე შედიან.

მეორე ფრაქციის - „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ - თავმჯდომარედ პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძეა არჩეული. მასთან ერთად, ახალ ფრაქციაში ასევე ზაზა პაპუაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე, კობა ნაკაიძე და ირაკლი აბუსერიძე გაერთიანდნენ.

ინფორმაცია ქართულ ოცნებაში ორი ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ მედიაში 15 დეკემბერს გავრცელდა. მედია საშუალებებმა აღნიშნული ცვლილებები ქართულ ოცნებაში შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს შორის არსებულ დავას დაუკავშირეს.

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ ახალი ფრაქციების შექმნა მმართველი პარტიის შიგნით კოორდინაციის გაუმჯობესებას ემსახურება. შიდაპოლიტიკური დაპირისპირების არსებობა ახალი ფრაქციების შექმნის ინიციატორებმაც - გოჩა ენუქიძემ და ბიძინა გეგიძემაც - უარყვეს.

ორი ახალი ფრაქციის გარდა, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც 115 დეპუტატისგან შედგება, კიდევ ექვს ფრაქციას აერთიანებს. ფრაქციები „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება - მრეწველები“ 2016 წლის 18 ნოემბერს, ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიქმნა. „ქართული ოცნება - კონსერვატორები“, „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ და „ქართული ოცნება - რეგიონული განვითარებისთვის“ მოგვიანებით, 26 დეკემბერს ჩამოყალიბდა. „ქართული ოცნება - მწვანეები“ კი - 23 იანვარს შეიქმნა.

საპარლამენტო ფრაქციები, რომელთა შესაქმნელადაც სულ ცოტა ექვსი დეპუტატია საჭირო, გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობენ, მათ შორის ადგილით და ხმის უფლებით პარლამენტის ბიუროზე, გარანტირებული ადგილებით კომიტეტებში, საგამოძიებო, სპეციალურ კომისიებში და საპარლამენტო დელეგაციებში, ასევე მეტი დროის უფლებით პარლამენტში დებატების და განხილვების დროს.

Civil.Ge © 2001-2024