მოსახლეობას ელექტროენერგიის მოხმარებაზე ტარიფები გაეზარდა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Dec.'17 / 01:55
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 1.564 თეთრით ძვირდება, რეგიონებში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისთვის კი - 1.283 თეთრით მოიმატებს.
თბილისში მოქმედი დიფერენცირებული ტარიფის მიხედვით, პირველი საფეხურის აბონენტები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ში 12.980 თეთრის ნაცვლად 14.544 თეთრს გადაიხდიან. მეორე საფეხურის მომხმარებლებისთვის, რომლებიც 101-301 კვტ.სთ. ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 16.992 თეთრიდან 18.556 თეთრამდე იზრდება. მესამე საფეხურის აბონენტებს კი, რომელთა მოხმარება 301 კვტ.სთ. ან მეტია, 21.476 თეთრის ნაცვლად 23.040 თეთრის გადახდა მოუწევთ.
ახალი რეგულაციით, რეგიონებში 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში, ტარიფი 12.954 თეთრის ნაცვლად 14.237 თეთრით განისაზღვრა; 101-301 კვტ.სთ-ის შემთხვევაში, ტარიფი16.931 თეთრიდან 18.213 თეთრამდე იზრდება, ხოლო 301 კვტ.სთ. ან მეტი ელექტროენერგიის მოხმარების შემთხვევაში, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს 21.450 თეთრის ნაცვლად 22.733 თეთრის გადახდა მოუწევთ. 
სემეკის გადაწყვეტილებით ორივე კომპანიის მომხმარებელებისთვის ახალი ტარიფები 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და ძალაში 2021 წლამდე იქნება. 

Civil.Ge © 2001-2024