პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის საახალწლო მილოცვები
Civil Georgia, Tbilisi / 1 Jan.'18 / 11:03
თავიანთ საახალწლო მილოცვებში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 2018 წელს საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს იზეიმებს. მათ ასევე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასაც მიმართეს.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი,  2018 წელი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. „ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
„უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეფექტური განათლების სისტემის ჩამოყალიბებასა და მეწარმეთა წახალისებაზე. მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ“.
ახალი წლის დადგომამდე პრეზიდენტი, ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე სოფელ ხურვალეთს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
მინდა, რომ აქედან მოგილოცოთ ახალი წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. აქ, რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს ეს მავთულხლართი და გაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით“, - განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ხანმოკლე საუბარი გამართა ადგილობრივ მოსახლესთან, დავით ვანიშვილთან, რომლის სახლიც მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა. „როცა ჩამოვდივარ აქ, ყოველთვის მომავლის იმედის და იმის განცდა მეუფლება, რომ ეს მავთულხლართი აუცილებლად იქნება აღებული. იქნება აღებული მშვიდობით, ჩვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებით“.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც მოსახლეობას ახალი წელი ბაკურიანიდან მიულოცა, აფხაზ და ოს მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ „ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, აღვადგინოთ ნდობა და ერთად ავაშენოთ ჩვენი და ჩვენი შვილების საერთო მომავალი“.
მან ასევე მიულოცა ახალი წელი საერთაშორისო მისიებში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც „სამშობლოსგან შორს, მშვიდობას იცავენ“, ასევე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს. „ჩვენ ნამდვილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იმ ადამიანებს, ვისაც გულით ენატრება სამშობლოში დაბრუნება, ყველა პირობა შევუქმნათ ამისათვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ახალი 2018 წელი საქართველოსთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს წელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს და ყველა ჩვენგანისთვის ახალი შესაძლებლობების კიდევ ერთ წელს“.
„გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხლდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა. 

Civil.Ge © 2001-2024