სამხრეთ ოსეთმა და რესპუბლიკა სრპსკამ შეთანხმებებს მოაწერეს ხელი
Civil Georgia, Tbilisi / 10 Jan.'18 / 18:05

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი სამდღიანი ვიზიტით ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბულ ნაწილს, რესპუბლიკა სრპსკას სტუმრობს, სადაც პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა, ხოლო 9 იანვარს ქალაქ ბანია-ლუკაში  რესპუბლიკის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

ბიბილოვთან 10 იანვარს გამართულ შეხვედრაზე მილორად დოდიკმა განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთს „სრული სუვერენული უფლება აქვს, რომ საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტოს“ და რომ მისი ადმინისტრაციისთვის „სავსებით ლეგიტიმურია“ ცხინვალთან თანამშრომლობა. დოდიკი დაპირდა ბიბილოვს, რომ სამხრეთ ოსეთს საპასუხო ვიზიტით ესტუმრება.

თბილისის მიერ ბიბილოვის ვიზიტთან დაკავშირებით გაგზავნილ საპროტესტო ნოტაზე საუბრისას დოდიკმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის ლიდერი რესპუბლიკა სრპსკას სტუმრობდა და არა ბოსნია-ჰერცეგოვინას. მან იქვე დასძინა, რომ საქართველო რესპუბლიკა სრპსკას მეგობარი არ არის.

ბიბილოვმა პარალელები გაავლო რესპუბლიკა სრპსკას და სამხრეთ ოსეთს შორის და მათ „ტყუპები“ უწოდა, რომელთაც, მისი თქმით, ერთნაირი ურთიერთობა აქვთ საერთო „სტრატეგიულ პარტნიორთან - რუსეთის ფედერაციასთან“. თბილისის ნოტაზე საუბრისას ცვინვალის ლიდერმა აღნიშნა: „მე ჩამოვედი რესპუბლიკა სრპსკაში და არა ბოსნია და ჰერცეგოვინაში“.

დოდიკის და ბიბილოვის შეხვედრის შემდეგ, სრპსკას ეკონომიკური ურთიერთობების და რეგიონული თანამშრომლობის მინისტრმა, ზლატან კლოკიჩმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრი მედოევთან ერთად ხელი მოაწერა მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ. ასევე მოეწერა ხელი თანამშრომლობის ოქმს ბიბილოვის პარტიას „ერთიან ოსეთსა“ და დოდიკის პარტიას „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატების ალიანსს“ შორის.     

ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის ლიდერმა აცნობა მილორად დოდიკს, რომ რესპუბლიკა სრპსკაში წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩასვლამდე ანატოლი ბიბილოვი სერბეთში ბელგრადს და ნოვი სადს ესტუმრა. მანამდე ის თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც ფრონტის ხაზს ეწვია და ადგილობრივ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის არმიის წინააღმდეგ იბრძვიან, სამხედრო ფორმები გადასცა საჩუქრად.

Civil.Ge © 2001-2024