სარაევო: პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
Civil Georgia, Tbilisi / 11 Jan.'18 / 11:10
ბოსნია-ჰერცეგოვინას აქვს კარგი და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსთან, რომელიც ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას ეფუძნება, - ნათქვამია ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც ქალაქ ბანია-ლუკაში მოქმედი გამოცემა Nezavisne Novine აქვეყნებს
ეს განცადება მოჰყვა საქართველოს მიერ სარაევოსთვის გაგზავნილ ნოტას, რომელშიც თბილისმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ რესპუბლიკა სრპსკაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის მიმდინარე ვიზიტი გააპროტესტა. 
„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რეგიონის - სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობის პრობლემა ღია საკითხს წარმოადგენს, რომლის გადაჭრასაც, ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე შეძლებს, ბოსნია-ჰერცეგოვინა მიიჩნევს, რომ არ უნდა ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში და გამოთქვამს იმედს, რომ ეს პრობლემები გადაწყდება მშვიდობიანად და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის გზით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 
ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ სამინისტრო არ იყო ოფიციალურად ინფორმირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტის შესახებ და რომ ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს. „საქართველოს საპროტესტო ნოტაზე პასუხი ამ პოზიციაზე დაყრდნობით და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი პოზიტიური დიპლომატიური პრაქტიკის შესაბამისად მომზადდება“, - აღნიშნავს სამინისტრო. 
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 11 იანვარს, ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ცრნადაკი, ამ საკითხზე პრესკონფერენციას გამართავს. 
ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი სამდღიანი ვიზიტით რესპუბლიკა სრპსკაში იმყოფება, სადაც უკვე შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტს მილორად დოდიკს და 9 იანვარს მონაწილეობა მიიღო რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. 

Civil.Ge © 2001-2024