საგარეო საქმეთა მინისტრი ცრნადაკი: ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას
Civil Georgia, Tbilisi / 12 Jan.'18 / 13:04

ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ცრნადაკმა განაცხადა 11 იანვარს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ვიზიტმა ბანია ლუკაში რესპუბლიკა სრპსკას საერთაშორისო იმიჯი დააზიანა და მისი მნიშვნელობა და საერთაშორისო სტატუსი გააუფასურა.

ცრნადაკმა აღნიშნა, რომ ბიბილოვის მიღებამ რესპუბლიკა სრპსკა, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინას სრულუფლებიან ერთეულადაა აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, „საეჭვო საერთაშორისო სტატუსის და მნიშვნელობის“ მქონე რეგიონს - სამხრეთ ოსეთს გაუთანაბრა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რესპუბლიკა სრპსკას საერთაშორისო საქმიანობებს მხარი დავუჭიროთ და მიგვაჩნია, რომ მან რაც შეიძლება მეტი ამ ტიპის მაღალი ხარისხის საქმიანობები უნდა განახორციელოს. მაგრამ იმან, რაც მათ სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გააკეთეს, მნიშვნელოვნად დააზიანა ისინი საერთაშორისო არენაზე“, - განუცხადა  ცრნადაკმა ჟურნალისტებს რესპუბლიკა სრპსკას ადმინისტრაციულ დედაქალაქში, ბანია ლუკაში. 

მან დაადასტურა, რომ საქართველომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით დიპლომატიური ნოტა გაგზავნა, რომელსაც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა და დასძინა, რომ იგი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობებს რაიმე ხანგრძლივი ზიანი არ მიადგება.

ცხინვალის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი რესპუბლიკა სრპსკას სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, სადაც რესპუბლიკის პრეზიდენტს მილორად დოდიკს შეხვდა, ხოლო 9 იანვარს რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო    მონაწილეობა. ბიბილოვის და დოდიკის შეხვედრა გასული წლის ივნისში სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებშიც გაიმართა.

Civil.Ge © 2001-2024