აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება
Civil Georgia, Tbilisi / 15 Jan.'18 / 16:16

აფხაზეთში 18 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 16 საარჩევნო უბანი გაიხსნება, განაცხადა რუსეთის „ელჩმა“ ოკუპირებულ აფხაზეთში, სემიონ გრიგორიევმა 12 იანვარს რეგიონის ლიდერთან რაულ ხაჯიმბასთან და სხვა ადგილობრივ ოფიციალურ პირებთან გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრს, ბესლან ბარციცს მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინაცია დაევალა. „მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში მაღალი სტანდარტით ჩატარდეს ისევე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა“, - აღნიშნა ბარციცმა.

რუსეთის „ელჩმა“ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, მარატ კულახმეტოვმა და ცხინვალის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ანალოგიური შეხვედრა 15 იანვარს გამართეს, სადაც ბიბილოვმა მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ „სამოქალაქო ვალი“ მოიხადონ და „აქტიური მონაწილეობა მიიღონ რუსეთის ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში“.

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ცხრა საარჩევნო უბანი გაიხსნება; მათგან ხუთი ცხინვალში, ხოლო დანარჩენი ოთხი ზნაურის, ჯავას და ახალგორის ცენტრში, ასევე სოფელ დმენისში გაიხსნება.  

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აფხაზეთში 89 000 ამომრჩეველი დარეგისტრირდა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ ამომრჩეველთა რაოდენობამ 36 500 შეადგინა.

Civil.Ge © 2001-2024