პანკისის ხეობის სამი მკვიდრი დაიკითხა
Civil Georgia, Tbilisi / 17 Jan.'18 / 19:27

პანკისის ხეობის სამი მაცხოვრებელი ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან სავარაუდო კავშირის გამო 16 იანვარს დაიკითხა, განუცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა Civil.ge-ს ოთხშაბათს.

მათი ოჯახის წევრების თქმით, დაკითხვის მთავარი მიზეზი იყო სამი პირის ნაცნობობა ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან, ასევე áƒ¤áƒáƒ¢áƒáƒ”ბი, რომლებზეც ისინი ერთად არიან გადაღებული.

ჯაფარ ხანგოშვილმა, ერთ-ერთი დაკითხულის მამამ, რომელიც ასევე პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრია, განაცხადა, რომ მისი შვილის ნაცნობობა ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან არაფერს ადასტურებს, გარდა იმ ფაქტისა, რომ პანკისის მაცხოვრებლები სტუმართმოყვარე ხალხია. მისი ვაჟი, იუსუპ ხანგოშვილი ეჭვმიტანილებთან და თემირალ მაჩალიკაშვილთან ერთად ჩანს იმ ვიდეოში, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში 11 ნოემბერსაა გადაღებული.   

თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა იუსუპ ხანგოშვილის სახე დაფარა ვიდეოში, რომელიც 4 იანვარს გაავრცელა თემირლან მაჩალიკაშვილთან ეჭვმიტანილების კავშირების დასადასტურებლად. მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისის ოპერაციის დროს დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კიდევ ორი პირი, რომლებიც სუს-მა 16 იანვარს დაკითხა, არიან ჯიბრაილ ქუშანაშვილი და რამაზ მარგოშვილის შვილი. თავად რამაზ მარგოშვილი 26 დეკემბერს იქნა დაკავებული. ქუშანაშვილის დედამ, ჰედი ქუშანაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მის შვილს, რომელიც ტერორიზმში ეჭვმიტანილთან ერთად ჩანს ფოტოზე, მხოლოდ ერთი დღით უნახავს იგი.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 16 იანვარს პანკისის ხეობას ესტუმრა და თემირლან მაჩალიკაშვილის და 26 დეკემბერს დაკავებული ოთხი პირის ოჯახის წევრები მოინახულა. ლომჯარიამ áƒ›áƒ–ადყოფნა გამოთქვა, რომ შუამავლის როლი შეასრულოს ხელისუფლებასა და პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს შორის.

ჩატაევის ჯგუფის წევრების წინა სავარაუდო ვიზიტები საქართველოში

პანკისის ხეობის ზოგიერთი მკვიდრი აცხადებს, რომ ჩატაევის ჯგუფის წევრები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციამდე დიდი ხნით ადრეც სტუმრობდნენ საქართველოს და რომ მაშინ მათთან ურთიერთობები არ ითვლებოდა ტერორისტებთან კავშირად. 

ერთ-ერთმა მათგანმა, მექა ხანგოშვილმა, უთხრა ჟურნალისტებს, რომ ჩატაევის ჯგუფის წევრები „ორი წლის განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში არალეგალური გზით კი არა, არამედ ლეგალური გზით“. მისი თქმით, ისინი პანკისის ხეობაშიც ბევრჯერ იყვნენ, „თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ნებისმიერ მხარეში“ და ადგილობრივების მიერ ტერორისტებად არ აღიქმებოდნენ.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ „ისინი ორი წელია აქ არიან. ისინი ხეობაში ამოდიოდნენ, თბილისში თავისუფლად დადიოდნენ“.  მან ასევე განაცხადა, რომ „ყველამ ვიცოდით, მთლიანმა თუ არა ნახევარმა ხეობამ, იყვნენ რუსეთიდან გადმოსულები ან ბიზნესისთვის ან ტურისტები. ყველა იცნობდა“.

Civil.Ge © 2001-2024