სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
Civil Georgia, Tbilisi / 26 Jan.'18 / 17:01

სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე, მაია გოიკოვიჩი 25-26 იანვარს საქართველოს სტუმრობდა და პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრები.

სერბეთის პარლამენტის ინფორმაციით, გოიკოვიჩის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ „სერბეთს და საქართველოს ტრადიციული მეგობრობა და კარგი ურთიერთობები აკავშირებთ“. მხარეები საქართველოს და სერბეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

გოიკოვიჩმა „მადლობა გადაუხადა საქართველოს მისი ურყევი მხარდაჭერისთვის და კოსოვო-მეტოხიის ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის არაღიარებისთვის“.  კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სერბეთის პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს იმას, „თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის პრინციპის დაცვა“.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ორი პარლამენტის სპიკერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერას ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ აღნიშნა, რომ „სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის ვიზიტი ასეთი მაღალი დონის პირველი ისტორიული ვიზიტია საქართველოში და ეს უნდა გახდეს მომავალი ურთიერთობების ახალი ფაზის დასაწყისი“. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს და სერბეთს აქვთ „საერთო საგარეო პოლიტიკური მისწრაფება - ეს არის ევროპაში, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება“.

ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ორმხრივი პატივისცემა ასევე გამოიხატა გოიკოვიჩის შეხვედრაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. პრეზიდენტის საგარეო საქმეთა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, რომ სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარემ „დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტი სერბეთის პოზიციის შეუვალობაში იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა“.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის „სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე“. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება სერბეთის ბიზნეს დელეგაციის მოსალოდნელ მონაწილეობას თბილისის ბიზნეს ფორუმში და იმედი გამოთქვა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას და ინვესტიციებს შეუწყობს ხელს.

მაია გოიკოვიჩი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს.

სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ცხინვალის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი რესპუბლიკა სრპსკას სტუმრობდა და მის პრეზიდენტს, მილორად დოდიკს შეხვდა, რასაც საქართველოს მხრიდან დიპლომატიური პროტესტი და áƒ‘ოსნიის მთავრობის უკმაყოფილება მოყვა.

Civil.Ge © 2001-2024