შს მინისტრმა ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაინიშნა
Civil Georgia, Tbilisi / 12 Feb.'18 / 14:36

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ლონდა თოლორაია, მის მოადგილედ კი - მაკა ფერაძე დანიშნა

ახალი დეპარტამენტის დირექტორი, ლონდა თოლორაია, ბოლო ცხრა წლის მანძილზე საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წლიდან კი საქართველოს პროკურატურაში კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას.

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2006 წლიდან მუშაობს. 2012-2017 წლებში ის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ კი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა. მისი მიზანია ოჯახური დანაშაულის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის, ტრეფიკინგის, აგრეთვე არასრულწლოვანთა მიერ ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. დეპარტამენტს სულ 12 თანამშრომელი ეყოლება.

ახალი დეპარტამენტის შექმნის შესახებ გიორგი გახარიამ გასული წლის 20 დეკემბერს, პარლამენტში, მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებებზე ზრუნვა“ სამინისტროს ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს.

Civil.Ge © 2001-2024