ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
Civil Georgia, Tbilisi / 13 Feb.'18 / 17:34

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც 12-13 თებერვალს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ქუვეითს სტუმრობს, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

გლობალური კოალიციის მინისტერიალი ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრის შეიხ საბაჰ ხალიდ ალ-ჰამად ალ-საბაჰისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. მონაწილეებმა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მიღწეული პროგრესის გასაგრძელებლად თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

თავის სიტყვაში მიხეილ ჯანელიძემ კოალიციას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში მნიშვნელოვანი წარმატება მიულოცა და დაადასტურა საქართველოს, როგორც კოალიციის წვერი სახელმწიფოს შემდგომი ძალისხმევა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

საქართველო გლობალურ კოალიციას 2014, მისი შექმნის წელს შეუერთდა.

ქუვეითში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.

„მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მიესალმნენ  გლობალური კოალიციის წარმატებებს ისლამური სახელმწიფოს  წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. საქართველომ, როგორც კოალიციის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024