პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
Civil Georgia, Tbilisi / 14 Feb.'18 / 16:13

პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ერთი თვის წინ პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდეგ, დეპუტატებმა დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაახლეს მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს საბიუჯეტო სახსრების განკარგვაში მეტ თავისუფლებას და კომერციული რეკლამიდან დამატებითი შემოსვლების მიღების შესაძლებლობას ანიჭებს. 

პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში, რომელიც დიდწილად  მედიაორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკულ მოსაზრებებს ასახავს, აღნიშნულია, რომ სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლა „კიდევ უფრო გაართულებს“ კერძო ტელეკომპანიების, განსაკუთრებით კი, რეგიონული მაუწყებლების ფინანსურ მდგომარეობას, რაც „უარყოფითად აისახება“ მედიაპლურალიზმზე. მარგველაშვილის აზრით, ეს ასევე „საფრთხის შემცველია“ თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისათვისაც, რაც პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან არხის თავისუფლებაში უნდა გამოიხატებოდეს. ამასთან ერთად, მოტივირებულ შენიშვნებში, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების სფეროდან საზოგადოებრივი არხის გასვლა „მნიშვნელოვნად გაზრდის კორუფციის რისკს“. 

კომიტეტის სხდომაზე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებმა კვლავ გაიმეორეს მანამდე გამოთქმული შენიშვნები და ხაზი გაუსვეს სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესვლიდან მომდინარე საფრთხეებს. მათი თქმით, ეს განსაკუთრებით პრობლემურია იმის გათვალისწინებით, რომ სარეკლამო ბაზარი, საიდანაც კერძო ტელევიზიები შემოსავლების მოზიდვას ცდილობენ, კლებადია.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, რომლებიც მანამდეც ეწინააღმდეგებოდნენ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღებას, კვლავ დააფიქსირეს თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებების გაფართოების მიმართ. თუმცა, მათ ასევე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც გააკრიტიკეს, რადგან, მათი აზრით, დოკუმენტი არ შეიცავდა კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სტარტაპების დაფინანსების შესაძლებლობას, რაც მათივე თქმით, არანაკლებ არის კორუფციის საფრთხის შემცველი, ვიდრე სახელმწიფო შესყიდვების რეგულირების სფეროდან არხის გასვლაა. 

სტარტაპების დაფინანსების საკითხის გაუთვალისწინებლობის გამო, კომიტეტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატთა უმრავლესობამ, საბოლოოდ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა; მათ შორის იყო კომიტეტის თავმჯდომარეც, რომან კაკულიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ის კვლავაც რჩება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი სადავო ცვლილებების მოწინააღმდეგედ და ამ პოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვის დროს დააფიქსირებს. 

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, ამ კვირის ბოლოს áƒ’აიმართება შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ მოისმენენ საკანონმდებლო ცვლილებების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. „ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არ დაძლევს ვეტოს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს არ გაიზიარებს, დეპუტატები კენჭს კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას უყრიან. თუ არც პრეზიდენტის მოტივირებულმა შენიშვნებმა და არც კანონპროექტის პირვანდელმა ვარიანტმა საკმარისი მხარდაჭერა არ მოიპოვა, áƒ™áƒáƒœáƒáƒœáƒžáƒ áƒáƒ”ქტი „უარყოფილად“ ჩაითვლება და დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება თავიდან მოუწევთ.

Civil.Ge © 2001-2024