თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
Civil Georgia, Tbilisi / 14 Feb.'18 / 16:28


თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, 13 თებერვალი, 2018. ფოტო: parliament.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 13 თებერვალს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიში წარადგინა, რომელიც თავდაცვის სფეროში ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებს ეხება.

იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი ფუნქციაა, რომ „შეიარაღებული ძალები იყოს მძლავრი შემაკავებელი ფაქტორი აგრესიის და ასევე ომის შემთხვევაში ქონდეს უნარი, რომ უზრუნველვყოთ მოწინააღმდეგის შეყოვნება, მივაყენოთ მას რაც შეიძლება ჭარბი ზიანი და შევაჩეროთ მისი აგრესია“.   

თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ფუნქციონირებას 2018 წელს დაიწყებს. იზორიამ განაცხადა, რომ მაისში საქართველო და მისი უცხოელი პარტნიორები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას დაიწყებენ და ხაზი გაუსვა, რომ ეს ნატოს შეკავების პოლიტიკის თვალსაზრისით ყველაზე „ადეკვატური პროგრამაა“. თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ პროგრამის მიზანია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ცხრა ქართული ქვეითი ბატალიონის მომზადების გზით.

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ წინა საწვრთნელი პროგრამებისგან განსხვავებით, რომლებიც ქართველი სამხედროების მომზადებას ითვალისწინებდა საერთაშორისო მისიებისთვის, ამჯერად მათი წვრთნის მიზანი იქნება ქართველი სამხედროების მომზადება საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დასაცავად. იზორიამ ამ ცვლილებას „ისტორიული ფაქტი“ უწოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდა წვრთნისა, ცხრა ქართული ბატალიონი ნატოს სტანდარტების აღჭურვილობასაც მიიღებს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და დასძინა, რომ ქვეყანა უკვე იღებს იარაღს უცხოელი პარტნიორებისგან. 

პროგრამა ასევე ითვალისწინებს ქართველი ინსტრუქტორების მომზადებას, რომლებიც სამხედროების მომზადებას განაგრძობენ მას შემდეგ, რაც უცხოელი ინსტრუქტორები თავის საქმეს დაასრულებენ.

იზორიამ განაცხადა, რომ საქართველო ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მიღების პროცესშია, რაც გულისხმობს „ეროვნული რესურსების მობილიზებას ტერიტორიული თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე“. მინისტრის თქმით, სამხედრო კომპონენტთან ერთად ამ კონცეფციის კომპონენტებია სამოქალაქო, ეკონომიკური, საინფორმაციო და პოლიტიკური თავდაცვის კომპონენტები. 

ლევან იზორიამ თავდაცვის ბიუჯეტის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სამინისტროს მთავარ მიღწევად ის მიაჩნია, რომ იარაღის შესაძენად გამოყოფილი ბიუჯეტის წილი 2015 წელს არსებული 4%-დან 2018 წელს 20%-მდე გაიზარდა. იზორიამ ასევე ისაუბრა ცოტა ხნის წინ ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის „ჯაველინის“ შესყიდვის და ახლო მომავალში საქართველოში ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დანერგვის თაობაზე.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაში კიდევ ერთი ცვლილება იქნება სამხედრო აღჭურვულობის შესაძენად გრძელვადიანი დაგეგმვა, რომლებიც 2018-2023 წლებს მოიცავს. 

იზორიამ აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ აშშ-ში განხორციელებული ვიზიტის დროს, აშშ-ის ადმინისტრაციის და კონგრესის ორივე პარტიის áƒ¬áƒ”ვრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ. მან ასევე უთხრა საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ხაზი გაუსვა, რომ ჯაველინის სისტემის საქართველოსთვის გადაცემა „არ არის მხოლოდ ტექნიკური მოვლენა, არამედ ეს დიდი ნდობის გამოხატულებაა“.

Civil.Ge © 2001-2024