საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
Civil Georgia, Tbilisi / 14 Feb.'18 / 17:24

საქართველო 2018 წელს რუსეთიდან მომავალი საფრთხეების, ასევე  მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ქმედებებით გამოწვეული შიდა საკითხების წინაშე დადგება, ნათქვამია აშშ–ის ეროვნული დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და მისი ძალისხმევა, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლეთში ინტეგრაციას თბილისის წინაშე არსებული საფრთხის მთავარ წყაროდ რჩება. ქართული ოცნება ეცდება, რომ შეზღუდოს ოპოზიცია და შეამციროს ინსტიტუციონალური შეზღუდვები მის ხელისუფლებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „კრემლი შეეცდება შეინარჩუნოს, და სადაც შესაძლებელია, გააფართოვოს საკუთარი გავლენა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში“, რომლებიც, მისი თქმით, მისი გავლენის სფეროში ექცევიან, რისთვისაც ის „სხვადასხვა აგრესიულ ტაქტიკას გამოიყენებს“.

ანგარიშის თანახმად, თავისი მომდევნო საპრეზიდენტო ვადის დროს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კატეგორიულ საგარეო პოლიტიკას განახორციელებს, რაც რუსეთს თავისი საზღვრების მიღმა შედეგების ფორმირების საშუალებას მისცემს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოსკოვი ცდილობს დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე დემოკრატიზაციისკენ მიმართული ძალისხმევის ჩახშობას და ყველანაირად შეეცდება, რომ დაუპირისპირდეს იმ ძალისხმევას, რომელიც უკრაინის და სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენაა მიმართული.  

Civil.Ge © 2001-2024