ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
Civil Georgia, Tbilisi / 16 Feb.'18 / 13:50


დიმიტრი ქუმსიშვილი და ილჰამ ალიევი, ბაქო, 15 თებერვალი, 2018. ფოტო: president.az

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი 15 თებერვალს ბაქოს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალში, ასევე გამართა რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„რეგიონისთვის სამხრეთი გაზის კორიდორის განვითარებას, áƒ©áƒ•áƒ”ნი ქვეყნისთვის კი სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოებას და „შაჰდენიზი 2“-ის დასრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ სარგებელზე, რასაც საქართველო ამ ენერგეტიკული პროექტიდან მიიღებს და აღნიშნა, რომ 2022 წლისათვის საქართველოს გაზის გაორმაგებული მოცულობის - 1.6 მილიარდამდე კუბური მეტრი გაზის - მიიღება შეეძლება. „ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აისახება,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვეს  ხაზი და ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სატრანზიტო პროექტების - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, სამხრეთის გაზის დერეფნის, „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ და სხვა პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი წარმატებით ხორციელდება და იგი ორი ქვეყნის „შესაძლებლობებისა და პარტნიორობის მაჩვენებელს“  წარმოადგენს. 

ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შეხვდა, ასევე მოლაპარაკებები გამართა აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებთან - ფარვიზ შაჰბაზოვსა და ბერატ ალბაირაქთან.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მეოთხე მინისტერიალი ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა, რომელშიც გამოხატულ იქნა მხარდაჭერა შაჰ–დენიზის მეორე ფაზის პროექტის მიმართ, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის განსაკუთრებულ როლს სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის განხორციელებაში.

სამხრეთის გაზის დერეფანი მიზნად ისახავს ცენტრალური და სამხრეთ ევროპის ქვეყნების გაზმომარაგების დივერსიფიცირებას. დერეფანი სამხრეთ კავკასიის, ტრანს-ანატოლიის და ტრანს-ადრიატიკის გაზსადენებს გააერთიანებს, რომლის მეშვეობითაც გაზი აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროპას მიეწოდება. პროექტის დასრულება 2019-2020 წლებისთვის იგეგმება და საწყის ეტაპზე მისი მეშვეობით 10 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ტრანსპორტირება ივარაუდება.

Civil.Ge © 2001-2024