არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
Civil Georgia, Tbilisi / 19 Feb.'18 / 13:30

„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმეზე და მათ შორის, უზრუნველყოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა რელევანტური პირების დაბარება, ასევე მთავარი პროკურორის მოსმენა საქმეზე“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 35 არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია აწერს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები მთავარ პროკურორსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, „უზრუნველყოს პარტნიორი ქვეყნების (ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების) ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვა გამოძიების პროცესში“, ასევე „დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს გამოძიების პროგრესისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციის დროული გაზიარება“.

განცხადების ხელმომწერთა თქმით, ამ დრომდე „არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე“. მათივე თქმით, „გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული სერიოზული ხარვეზები საზოგადოების ნდობას და მოლოდინს გამოძიების ეფექტიანობის მიმართ მნიშვნელოვნად ამცირებს“.  

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქართველოს დედაქალაქიდან სავარაუდო გატაცება გასული წლის 29 მაისს მოხდა, რის შემდეგაც, ჟურნალისტი საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით აზერბაიჯანში დააკავეს, რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ კი, ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მუხთარლი აცხადებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს და ამ საქმეზე პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისთვის áƒ’ამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს, რომლებმაც აზერბაიჯანის ხელისუფლებას ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი მისი სავარაუდო გატაცების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს პარლამენტში მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ევროპული საქართველოს ფრაქციები გასული წლის ივნისიდან აყენებენ, თუმცა ამ დრომდე ოპოზიციის მოთხოვნას შედეგი არ მოჰყოლია.

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაის კომენტირებისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს“.

Civil.Ge © 2001-2024