მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'18 / 18:15


გიორგი მარგველაშვილი თელავის უნივერსიტეტში, 20 თებერვალი, 2018. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ახალგაზრდობის ჩართვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით კამპანია დაიწყო. 

კამპანია სახელწოდებით „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი“ 20 თებერვალს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პრეზიდენტის შეხვედრით დაიწყო.

„წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია ყველასთვის; წელს ქართულ რესპუბლიკას უსრულდება 100 წელი და ის გზა, რომელიც დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენს მიერ გაგრძელებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მომავალშიც“, - მიმართა მარგველაშვილმა სტუდენტებს გუშინ.

„ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს მაშინდელი სახელმწიფო [1918 წელს], რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სახელმწიფოთაგანი, მოდელი სახელმწიფოსი, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, რომ არ ყოფილიყო შემდეგ საბჭოთა ოკუპაცია. ის მთავარი ღირებულებები, ის მთავარი პრინციპები, რომელზეც მაშინ ევროპაშიც კი მიმდინარეობდა მსჯელობა, განხორციელებული იყო ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტში, მაგალითად ისეთი თემა, როგორიცაა ქალებისთვის საყოველთაო ხმის უფლება“, - განაცხადა მან.

შემდეგ პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული სახელმწიფოს საბოლოო მიზანი „არის არა მხოლოდ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, არამედ დამოუკიდებლობის თავისუფლებაში გადათარგმნა“. „როცა შენ ხარ დამოუკიდებელი, შენ ხარ დამოუკიდებელი ვიღაცისგან; როცა შენ ხარ თავისუფალი, შენ ხარ თავისუფალი რაღაცისთვის“, - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მოუწოდა სტუდენტებს, რომ საიუბილეო ღონისძიებებში ჩაერთონ და რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით სტუდენტური ესეების კონკურსი გამოაცხადა.

კამპანია, რომელიც ასევე მოიცავს 1918 წლიდან მოყოლებული ქვეყნის ისტორიის ამსახველ ფოტო გამოფენებს, 26 მაისამდე გაგრძელდება და ქვეყნის მასშტაბით რიგ ქალაქებს მოიცავს.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, თუმცა 1921 წელს ქვეყანა ბოლშევიკურმა წითელმა არიამ დაიპყრო. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღადგინა.

Civil.Ge © 2001-2024