ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
Civil Georgia, Tbilisi / 21 Feb.'18 / 18:41


რეფატ ჩუბაროვი და ირაკლი კობახიძე, 20 თებერვალი, 2018. ფოტო: უკრაინის საელჩო საქართველოში

უკრაინის პარლამენტის წევრი, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი 20 თებერვალს თბილისში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა „კმაყოფილებით აღნიშნეს ბოლო პერიოდში საქართველოსა და უკრაინას შორის გაღრმავებული მეგობრული და პარტნიორული კავშირები“ და ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოსა და უკრაინას „საერთო გამოწვევები და მიზნები აკავშირებს“. მათ ორივე ქვეყანაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილეს.

შეხვედრაზე კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მოსკოვის „აგრესიულ და უკანონო ქმედებებს“.

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარემ აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინიციატივა ყირიმის დე-ოკუპაციის მხარდაჭერის საერთაშორისო ჯგუფის შექმნის თაობაზე.

ასევე 20 თებერვალს, რეფატ ჩუბაროვმა მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში „უკრაინის და საქართველოს დე-ოკუპაცია: სახელმწიფოს, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების როლი“, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში გაიმართა და რომელსაც ასევე დაესწრო უკრაინის ელჩი საქართველოში, იჰორ დოლჰოვი.  

თბილისში ჩუბაროვი ასევე შეხვდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს, სოზარ სუბარს, სადაც მხარეებმა „ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევები, ასევე უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების დე-ოკუპაციისთვის ძალისხმების კონსოლიდაციის მექანიზმები განიხილეს“.  

Civil.Ge © 2001-2024