საქართველო Amnesty International-ის ანგარიშში
Civil Georgia, Tbilisi / 22 Feb.'18 / 12:52

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს მოიცავს და 159 ქვეყანასა და ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობას ასახავს. 

საქართველოს შესახებ Amnesty International-ი რამდენიმე პრობლემას, მათ შორის, ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, სამართალდამცველთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტების გამოუძიებლობას, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და სხვა საკითხებს გამოყოფს. 

საქმეზე, რომელიც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან სავარაუდო გატაცებასა და დანაშაულში ქართველი სამართალდამცველების შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „საქმეში ქართველი სამართალდამცავების ჩართულობა უარყო, თუმცა მუხთარლის ბრალდებების შესწავლის მიზნით გამოძიება დაიწყო“. „გამოძიების მიერ რაიმე არსებითი შედეგის მიღწევის შესახებ ცნობილი არ არის“, - ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლო სისტემის ნაწილში, ანგარიშში ძირითადად ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო დაწყებულ ქონებრივ დავაზეა საუბარი და აღნიშნულია, რომ „ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის სავარაუდო ჩარევის თაობაზე შეშფოთება გამოთქვეს და სასმართლო პროცესი უსამართლოდ შეაფასეს“.  

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მრავალგზის დაპირების მიუხედავად  საქართველოს ხელისუფლებამ „ვერ უზრუნველყო“ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა „დაუსჯელობა შენარჩუნდა“.

ანგარიშში ასახულია ლგბტი პირების დისკრიმინაციის პრობლემაც და აღნიშნულია, რომ ახალი კონსტიტუციით ქორწინება განისაზღვრება როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“. „ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილები ყოველგვარი სამართლებრივი აღიარების გარეშე რჩებიან“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

Amnesty International-ი კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ „რუსულმა სამხედრო ძალებმა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებმა დე ფაქტო საზღვრის მიმდებარედ გადაადგილების შეზღუდვა გააგრძელეს.“ 

„საზღვრის „არალეგალურად“ კვეთის ბრალდებით ათეულობით ადამიანის დროებით დაკავებისა და დაჯარიმების შემთხვევები დაფიქსირდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

„ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარედ მავთულხლართების გაბმის გახშირებულმა პრაქტიკამ ადგილობრივი მოსახლეების უფლებების შელახვა გააგრძელა: საკუთარ ბოსტნებზე, საძოვრებსა და სახნავ-სათეს მიწებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვამ მათი მუშაობის, საკვებისა და ცხოვრების სათანადო დონის უფლებები შეზღუდა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

Civil.Ge © 2001-2024