ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას ავრცელებს
Civil Georgia, Tbilisi / 24 Feb.'18 / 20:03
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას. 
განცხადების თანახმად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, „მისი სადამკვირვებლო ფუნქიციის ფარგლებში და მანდატის შესაბამისად, აგრძელებს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე დაკვირვებას“. „ფაქტთან დაკავშირებით უკვე ამოქმედდა მისიის ცხელი ხაზი და გრძელდება მისი აქტიურად გამოყენება ამ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებული შემდგომი კომუნიკაციისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, „რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცვლა გარდაცვლილის სიკვდილის მიზეზის გასარკვევად“. მისია ასევე მოელის, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზის დასადგენად „სრული, საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება“ შედგება.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით ხელი შეუწყოს განხილვებს, რომლის თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ეუთო, ან ნებისმიერ სხვა ფორმატში, რომელზეც შესაძლოა შეთანხმდნენ მონაწილეები“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულების მონიტორინგის მანდატით შეიქმნა, შეუიარაღებელი დამკვირვებლებით არის დაკომპლექტებული, თუმცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დღემდე არ აძლევენ მისიის დამკვირვებლებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლის უფლებას. 

Civil.Ge © 2001-2024