ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება
Civil Georgia, Tbilisi / 26 Feb.'18 / 17:21

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები 28 აპრილს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

არჩევნები მაჟორიტარული ოლქის 60 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცესკოს პრესპიკერის, ანა მიქალაძის თანახმად, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები, ასევე - საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქის დეპუტატმა, ქართული ოცნების წარმომადგენელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.

ამ დროისათვის, ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა, ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ საჯაროდ განაცხადა. პარტიებმა, საარჩევნო ბლოკებმა და საინიციატივო ჯგუფებმა კანდიდატის რეგისტრაციის მოთხოვნით ცესკოს არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უნდა მიმართონ.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატებისთვის განკუთვნილია 73 ადგილი, რომელთა დასაკავებლადაც კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. დანარჩენი 77 მანდატი კი - პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ დეპუტატებზე ნაწილდება.

გასულ წელს ჩატარებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად, 2024 წლიდან საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა აღარ მოხდება და საკანონდებლო ორგანო მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული წევრებით დაკომპლექტდება.

Civil.Ge © 2001-2024