საერთაშორისო გამჭვირვალობა: საქართველოში ანტიკორუფციული კანონმდებლობის აღსრულების პრობლემაა
Civil Georgia, Tbilisi / 28 Feb.'18 / 16:19

2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც საქართველომ წინა წელთან შედარებით ოდნავ გაუარესებული შედეგი აჩვენა და, 56 ქულით, 180 ქვეყანას შორის 46-ე ადგილი დაიკავა, საერთაშორისო გამჭვირვალობა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს.

კორუფციის აღქმის ინდექსის რეგიონულ ანალიზში áƒ¡áƒáƒ®áƒ”ლწოდებით „ევროპა და ცენტრალური აზია: მეტი სამოქალაქო ჩართულობის საჭიროება“, საერთაშორისო გამჭვირვალობა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესების მიუხედავად, როგორიცაა საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის შემოღება, ასევე მამხილებელთა დაცვის გაძლიერება, საქართველოში „გარკვეული უკუსვლა“ შეინიშნება. 

„ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და რეგულაციების აღსრულების პრობლემა, ასევე არასაკმარისად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა აფერხებს შემდგომ პროგრესს ქვეყანაში. გარდა ამისა, გავლენიანი პოლიტიკოსების მიმართ გახშირებული ბრალდებები კორუფციის თაობაზე გამოუძიებელი რჩება“, - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა. 

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მთავრობამ ეს წელი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებისთვის უნდა გამოიყენოს და „შექმნას ესოდენ საჭირო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო“. 

2017 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა. 2016 წლის კვლევაში საქართველოს 57 ქულა ჰქონდა და ლატვიასთან ერთად 44-ე ადგილზე იყო 176 ქვეყანას შორის. 2012 წელს საქართველომ 52 ქულა მიიღო; 2013 წელს - 49 ქულა, ხოლო 2014 და 2015 წელს კი - 52 ქულა მიიღო.

Civil.Ge © 2001-2024