არასამთავრობოები მოუწოდებენ მთავრობას, რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანოს
Civil Georgia, Tbilisi / 28 Feb.'18 / 18:34

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საია და EMC, 22 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის უკანონო დაკავებასა და გარდაცვალებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, „ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების აღმოფხვრის მიზნით“ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს.

არასამთავრობოების განცხადებით, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი და ნეიტრალური საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არარსებობის პირობებში, ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციისა და მის მიერ კონტროლირებული დე ფაქტო პოლიტიკური რეჟიმების თვითნებობისა და უკონტროლობის სივრცეებად იქცა“. მათივე თქმით, ევროსასამართლოს პრაქტიკით ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმ სახელმწიფოს, რომელიც ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. 

არასამთავრობოების განცხადებით, იმ ფონზე, რომ რუსეთის მიერ კონტროლირებადი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებსა და ამ რეგიონების მიმდებარედ „ადამიანის უკანონო დაკავების, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და მათზე არაეფექტიანი რეაგირება მასიურ ხასიათს“ ატარებს და გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, საქართველოს მთავრობამ „პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერებასთან ერთად“, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სახელმწიფოთშორისი საჩივარი უნდა წარადგინოს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში ასევე უნდა მიმართოს ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს რუსეთის ფედერაციის მიმართ „დროებითი ღონისძიების გამოყენება“, რათა 22 თებერვალს ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის - „უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მათ დაუყოვნებლივ მიეცეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა“.
 
არასამთავრობოები ასევე ითხოვენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მიეცეს ახალგორელ აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს, რომლის წინააღმდეგაც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ცილისწამების ბრალდებით საქმე აქვს აღძრული. 

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეიტანა. საქმე ეხება 2016 წლის მაისში აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობას, რაშიც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელია ბრალდებული. საქართველოს ხელისუფლებამ ოთხოზორიას მკვლელი დაუსწრებლად გაასამართლა მას შემდეგ, რაც სოხუმმა თბილისისთვის დამნაშავის გადაცემაზე უარი განაცხადა.

Civil.Ge © 2001-2024