ცხინვალი ტატუნაშვილი ცხედრის გადმოცემის თარიღს კვლავ არ ასახელებს
Civil Georgia, Tbilisi / 1 Mar.'18 / 18:06

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში დღეს გამართული შეხვედრა, რომელზეც ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის და უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნების საკითხები განიხილებოდა, áƒ£áƒ¨áƒ”დეგოდ დასრულდა. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლმა კახა ქემოკლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლისგან „ვერც ერთ კითხვაზე მკაფიო პასუხი“ ვერ მიიღეს.

„გადავწყვიტეთ, დროებით შევწყვიტოთ ეს სხდომა, იქედან გამომდინარე, რომ ცენტრალური მთავრობისთვის „ტატუნაშვილის საქმეს“ აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ქემოკლიძემ. მისივე თქმით, ქართული მხარე მზად არის გააგრძელოს „ყველა სხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა“ მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი და დაკავებული მოქალაქეების გადმოცემის საკითხი გადაწყდება.   

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის áƒ¡áƒáƒ“ამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა აღნიშნა, რომ „შეხვედრის ზოგიერთმა მონაწილემ განაცხადა, რომ მეტი დრო სჭირდებათ, რათა ამ საკითხებზე წინსვლა მოხდეს“. „ჩვენ კვლავ შეხვდებით, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება და იმედი მაქვს, რომ ამ საკითხებზე პროგრესს მოკლე დროში მივაღწევთ“, - დასძინა მან. 

ერიკს ჰოგის განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას. მისივე თქმით, მხარეები განაგრძობენ ცხელი ხაზის გამოყენებას იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახს მანამდე არ გადაეცემა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდება.

Civil.Ge © 2001-2024