ევროატლანტიკური კოალიცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო „შეშფოთებას“ გამოთქვამს
Civil Georgia, Tbilisi / 1 Mar.'18 / 18:42

ევროატლანტიკურ კოალიციაში შემავალი 18 არასამთავრობო ორგანიზაცია „უკიდურეს“ შეშფოთებას გამოხატავს 22 თებერვალს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო, ასევე -„მკაცრად გმობს“ რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის „არაჰუმანურ ქმედებას“ და გარდაცვლილის ოჯახისთვის ცხედრის გადაცემის გაჭიანურებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლისკენ არის მიმართული და „ადასტურებს ეჭვებს“ ტატუნაშვილის „მიზანმიმართული მკვლელობის“ შესახებ.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის წინაშე ჩადენილ დანაშაულში პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ასევე გამოთქმულია წუხილი, რომ დღემდე ვერ მოხერხდა 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის დასჯა.

არასამთავრობოები რუსეთის ფედერაციას და ე.წ. სამხეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობას მოუწოდებენ „დაუყოვნებლივ“ გადმოსცენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს და ასევე მისცენ 22 თებერვალს ტატუნაშვილთან დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება.

არასამთავრობოები ასევე მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით; მიიღოს ყველა ზომა ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები პირების უსაფრთხოებისა და უფლებების დასაცავად“.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული 35 წლის საქართველოს მოქალაქე, ახალგორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს დილას გარდაიცვალა.  ცხინვალის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტატუნაშვილი წინა დღეს ახალგორში დააკავეს და „ცხინვალში გადაიყვანეს დასაკითხად“. ამავე ინფორმაციით, საგამოძიებო იზოლატორში დაბრუნებისას მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც დაზიანებები მიიღო, იგი წააქციეს და კიბეზე დაგორდა. მალევე, იგი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც ორ საათში გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ოჯახი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ იგი ცხინვალის უშიშროების ძალებმა წამებით მოკლეს.

ტატუნაშვილის ოჯახი, რომელიც დევნილთა წილკნის დასახლებაში ცხოვრობს, ცხედრის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს, თუმცა ცხინვალის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხედარი ოჯახს მანამდე არ გადაეცემა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდება.

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომლის თქმითაც ტატუნაშვილი უკვე გარდაცვლილი იყო, როდესაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, აცხადებს, რომ „ცხედრის გადმოცემის გაჭიანურება ემსახურება იმ მიზანს, რომ ექსპერტიზამ ვერ დაადგინოს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები“.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება უკვე დაგმეს თბილისმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ევროკავშირმა, ლიტვამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლატვიამ, ესტონეთმა, გერმანიამ, ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტმა, PACE-ს თანამომხსენებლებმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა

Civil.Ge © 2001-2018