კვირიკაშვილმა სომხეთის ლიდერებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა
Civil Georgia, Tbilisi / 3 Mar.'18 / 23:31
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2 მარტს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობდა, სადაც თავის კოლეგას კარენ კარაპეტიანს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ ორმა პრემიერ-მინისტრმა გაფართოებული შეხვედრა გამართა, სადაც კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას საუკუნოვანი მეგობრობა, მაღალი დონის პოლიტიკური თანამშრომლობა და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებთ.
„მივესალმებით პოზიტიურ დინამიკას ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. გასულ წელს, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, 33%-ით გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა სომხეთთან, რაც ძალიან გვახარებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოტენციალი მეტია და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კონკრეტული შედეგებით დავამთავრებთ ამ შეხვედრას“, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა თავის კოლეგას.
„ორმა პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკის, ტურიზმის, თავდაცვის, ჯანდაცვის და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები განიხილა“, - განაცხადა სომხურმა მხარემ შეხვედრის შემდეგ. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა „ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობოთაშორისი კომისიის მუშაობის გაძლიერების საჭიროებას“.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ  მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ მეგობარ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით შემდგომი ნაბიჯები გადადგან.
სომხეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს შეხვდა და ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.  

Civil.Ge © 2001-2024