რუსეთის საპატრიარქო ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას თანხმდება
Civil Georgia, Tbilisi / 5 Mar.'18 / 15:26

რუსეთის საპატრიარქომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ 4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილით მიმართა, სადაც სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ტატუნაშვილის ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ „დაკრძალონ იგი ქრისტიანული წესით“.

„ვიცით, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არ შედის თქვენი უწმინდესობის კომპეტენციაში, მაგრამ გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და გვიშუამდგომლოთ შესაბამისი ორგანოების წინაშე, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს“, - ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში.

4 მარტს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ „მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს“.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ამჟამად „ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“.

ცოტა ხნის წინ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედარი რეგიონში დარჩებოდა, სანამ რუსეთში ოსური მხარის მიერ გადაცემული გვამის გაკვეთის მასალების „დამოუკიდებელი ექსპერტიზა“ არ ჩატარდებოდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 მარტს განაცხადა, რომ „უკანასკნელი დღეების და საათების განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“.

 

 

Civil.Ge © 2001-2024