ევროკავშირში უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად რეგულაციები მკაცრდება
Civil Georgia, Tbilisi / 6 Mar.'18 / 16:57

საქართველოს მთავრობამ დღეს მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის გვარის შეცვლის პროცედურას ამკაცრებს. ახალი შეზღუდვების მიზანია, აღიკვეთოს შენგენის ზონაში უკანონოდ შესვლის პრაქტიკა, როდესაც ევროპიდან გაძევებული საქართველოს მოქალაქეები ადვილად ახერხებდნენ გვარის შეცვლას და შენგენის ზონაში ახალი პასპორტით დაბრუნებას.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე საქართველოს მოქალაქეებს გვარის შეცვლა შეუზღუდავად შეეძლოთ, ახლა სრულწლოვან პირებს გვარის შეცვლა მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. ამასთან, გვარის შეცვლის საკითხი შესაბამისი ორგანოების მიერ ზეპირი მოსმენით იქნება განხილული და მოქალაქე ვალდებული იქნება, პირადად გამოცხადდეს და დაასაბუთოს გვარის შეცვლის საჭიროება.

გვარის შეცვლა არ შეეძლებათ იმ პირებს, რომელთა დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან არ გასულა áƒ®áƒ£áƒ—ი წელი. ასევე, გვარის შეცვლა არ შეეძლებათ იმ პირებს, ვინც უკვე შეიცვალა გვარი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, კერძოდ, 2017 წლის 28 მარტის შემდგომ პერიოდში.

გვარის შეცვლაზე დაწესებული შეზღუდვა არ გავრცელდება ქორწინება-განქორწინების, შვილად აყვანის ან მამობის დადგენის შემთხვევებზე.

საკანონმდებლო ცვლილებების მნიშვნელობაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, გვარის შეცვლის რეგულაციის გამკაცრება „კომპლექსური გეგმის“ ნაწილია, რომელიც მთავრობამ ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაჩენილი პრობლემების პასუხად შეიმუშავა.

დღესვე, ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციის საკითხზე, თბილისში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა, კრისტიან კლოსმა, და ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებულმა, ანეტ გიუნთერმა.

გერმანიის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, „გერმანიაში [საქართველოდან ჩასულ] არალეგალურად მყოფ პირთა და თავშესაფრის დაუსაბუთებელ მთხოვნელთა რიცხვის საგრძნობი მატება გერმანიის ფედერალური მთავრობის დიდ შეშფოთებას იწვევს“.

„გერმანიას სურს, კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან რეადმისიის საკითხებში უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. გარდა ამისა, გერმანია არსებული სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში რამდენიმე წლით შენგენის მთლიან ზონაში შესვლას აუკრძალავს იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე“, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეთა უკანონო მიგრაციის აღკვეთის მიზნით ზომების მიღება დაიწყო მას შემდეგ, რაც რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა, წუხილი გამოთქვა საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ზრდაზე და თავშესაფრის მინიჭების შესახებ მოთხოვნების მატებაზე, რაც წარმოადგენს ფორმალურ საფუძველს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისათვის.

საპასუხო ზომების ფარგლებში, გვარის შეცვლის რეგულაციის გამკაცრებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება გეგმავს ევროპელ პარტნიორებთან საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე საინფორმაციო კამპანიის წარმოებას უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებისა და არალეგალური მიგრაციის საფრთხეების თაობაზე.

Civil.Ge © 2001-2024