საქართველოს და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
Civil Georgia, Tbilisi / 6 Mar.'18 / 18:28

„შვედეთი 2019 წელს ნატო-საქართველოს სწავლებაში ჩაერთვება და მოხარული იქნება, საქართველო შვედეთში, ჩვენს სწავლებებში მონაწილეობისთვის მოიწვიოს“, - áƒ’ანუცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ ჰულტქვისტმა თავის ქართველ კოლეგას 6 მარტს.

პიტერ ჰულტქვისტმა, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს, პირველი შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან 6 მარტს გამართა, სადაც ორმა მინისტრმა თავდაცვის სფეროში, მათ შორის ტოტალური თავდაცვის სფეროში, შვედეთის და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი განიხილა.

„შვედეთი წლების განმავლობაში არის მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და ხაზი გაუსვა შვედეთის წვლილს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში შვედეთის თავდაცვის მინისტრი ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. მოგვიანებით კი პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრასაც გეგმავს.

Civil.Ge © 2001-2024