ბიბილოვი ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ‘ზედმეტად პოლიტიზირებულს’ უწოდებს
Civil Georgia, Tbilisi / 8 Mar.'18 / 16:02
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მის ოჯახს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ორ კვირაში გადასცემენ, განუცხადა ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს გუშინ სტუმრობდნენ ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის მოსამზადებლად.
ანატოლი ბიბილოვმა ეს განცხადება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ტოივო კლაარის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ეს უკანასკნელი საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 22 თებერვალს ცხინვალში პატიმრობისას 35 წლის საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო, რომლის ცხედარიც თბილისის მოთხოვნის და საერთაშორისო შუამავლობის მიუხედავად ოჯახისთვის ჯერ არ გადაუციათ.
„ძალიან შეშფოთებული ვართ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, იმ ფაქტის გამო, რომ აქ ცხინვალში ადამიანი დაიღუპა და ეს ჩრდილს აყენებს ჟენევის დისკუსიებს; აქ იმ იმედით ვიმყოფებით, რომ ამ საკითხებს გადავწყვეტთ და წინ წავიწევთ“, - მიმართა ტოივო კლაარმა ცხინვალის ლიდერს.
„ძალიან კარგად გვესმის, რომ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაა საჭირო, სანამ ცხედარს გადავცემთ - ასე ხდება ევროპაში და ასე ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - უპასუხა ბიბილოვმა. „მინდა მოგიწოდოთ, რომ თავი აარიდოთ სიტუაციის გადაჭარბებულ დრამატიზებას და პოლიტიზირებას და ნება მიეცით ჩვენს ექსპერტებს თავიანთი საქმე გააკეთონ; როგორც კი დასრულდება ექსპერტიზა, ცხედარს მაშინვე გადავცემთ“, - განაცხადა მან.
„არავინ ამბობს, რომ ცხედარი არ უნდა იქნას გადაცემული, თუმცა ასეთი მოსაზრება [სამხრეთ ოსეთის] საზოგადოების გარკვეულ ნაწილში áƒáƒ áƒ¡áƒ”ბობს“, - დასძინა ბიბილოვმა, რომელსაც სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა 6 მარტის აქცია ცხინვალში, რომლის მთავარი მოთხოვნაც იმ ოსების ბედის გარკვევა იყო, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში და 2008 წლის ომის დროს გაუჩინარდნენ.
ცხინვალის ლიდერი საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის დაკავების საკითხსაც შეეხო, რომლებიც ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა რეგიონის დატოვების უფლებას არ აძლევენ. ბიბილოვმა განაცხადა, რომ ორივე მათგანი ახალგორში იმყოფება და რომ „საქართველოში წასვლა ეშინიათ“, რადგანაც ჰგონიათ, რომ „მათ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ“.
შეხვედრის შემდეგ საუბრისას ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია, როდესაც ინციდენტიდან ორი კვირის თავზე პროგრესი არ შეინიშნება. „არსებობს ვალდებულება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნათესავებმა შეძლონ დაღუპულის დაკრძალვა ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე. ასევე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ორ გათავისუფლებულ პირს შეეძლოს შეზღურვების გარეშე გადაადგილება და თავიანთ ოჯახებში მისვლა“, - განაცხადა მან.
ანატოლი ბიბილოვის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის თბილისში ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებებთან. 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ, რომ ჩვენს ძალისხმევას შედეგი მოყვება და უახლოეს დროში ჩვენ ერთად მივაბარებთ მიწას ჩვენს თანამემამულეს“. 6 მარტს გაკეთებულ განცხადებაში კი, საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნა, რომ ცხედარს ოჯახს კვირის ბოლომდე გადასცემდნენ.

Civil.Ge © 2001-2024