საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს
Civil Georgia, Tbilisi / 9 Mar.'18 / 13:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას ქართულ-რუსული ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით „გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯების“ გადადგმისკენ მოუწოდებს, ასევე კვლავ გამოთქვამს აფხაზებთან და ოსებთან „პირდაპირი დიალოგისათვის“ მზადყოფნას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა, რომლის დასრულებიდანაც 10 წელი გავიდა, „ღრმა კვალი დატოვა ქართველი ხალხის ცნობიერებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში“. „ამჟამად ჩვენს წინაშე არის არჩევანი - აღნიშნულ თარიღს შევხვდეთ ურთიერთბრალდებებითა და მწვავე განცხადებებით, რომელთა ნაკლებობა ამ წლების განმავლობაში ნამდვილად არ იყო, ან გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 

კვირიკაშვილის განცხადებით, „მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებამ ფაქტობრივად ჩიხში მოაქცია ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების პერსპექტივა“. მისივე თქმით,  ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის მიუხედავად, „ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება“, რასაც ცხინვალში, „გაურკვეველ ვითარებაში“ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი მოწმობს. „ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას“, - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენ ადრეც განვაცხადეთ და კვლავ ვადასტურებთ, რომ დაინტერესებულნი ვართ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში, რისთვისაც დავადასტურე ჩემი პირადი ჩართვის მზაობა“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი. „მზად ვართ ასევე, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლად მიგვაჩნია სხვა გონივრული ნაბიჯების გადადგმაც“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას მიმართავს, „რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად“.

გიორგი კვირიკაშვილმა გასული წლის 20 დეკემბერს, პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას,  „კონფლიქტურ რეგიონებთან პირდაპირი დიალოგის“ დაწყების განზრახვა გამოაცხადა.

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით წინა ხელისუფლებისგან შემორჩენილ მიდგომას კვირიკაშვილმა უწოდა „ბორკილები“ და „სტერეოტიპების, შეხედულებების და მიდგომების ჩამოყალიბებული სისტემა, რომლის იოტისოდენა დარღვევაც კი ლამის ქვეყნის ღალატად ირაცხება ჩვენი აი ამ ეგრეთწოდებული ოპოზიციის მიერ.“

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს სურს „აწიოს“ ჟენევის მოლაპარაკებები დონე და „მინისტრის მოადგილის დონიდან გადავიდეთ მინიმუმ მინისტრის დონეზე“. „მე მზად ვარ, პრემიერ-მინისტრის დონეზეც გადავიდეთ და პირადად ჩავერთვები აუცილებლად ამ ფორმატის საქმიანობაში“, - დასძინა კვირიკაშვილმა.

Civil.Ge © 2001-2024