რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვირიკაშვილის განცხადებას პასუხობს
Civil Georgia, Tbilisi / 12 Mar.'18 / 22:30
მოსკოვი „ყურადღებით გაეცნო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას და  „კმაყოფილებით აღნიშნავს“ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავების თაობაზე, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ეს განცხადება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ოთხი დღის წინ გაკეთებულ მიმართვას, რომელშიც იგი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების „მოჯადოებული წრიდან“ გამოსაყვანად, რუსეთის ხელისუფლებას „გონივრული“ ნაბიჯების გადადმას მოუწოდებს, ასევე - სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგისათვის“ მზადყოფნას გამოქვამს.
„არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნებიან თბილისში“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის „სწრაფვა“ ჟენევის დისკუსიებში პროგრესის მიღწევისაკენ „აჩენს იმედს“, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ქართული მხარე „კონსტრუქციულ“ მიდგომას გამოიჩენს. 
„გვჯერა, რომ ასეთი მიდგომა მხარდაჭერილი იქნებოდა მოლაპარაკების დანარჩენი მონაწილეების მიერ მიუხედავად იმისა, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს დელეგაციას ჟენევაში“, - აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რითაც ეხმაურება პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მზადყოფნას, პირადად ჩაერთოს მოლაპარაკებებში. 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია არ მიესალმოს“ სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგისაკენ“ კვირიკაშვილის „დეკლარირებულ სწრაფვას“. 
„სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოს აღელვებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს სცდება. ეს, კერძოდ, საქართველოს მოქალაქესთან არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ უკანასკნელ სამწუხარო ინციდენტსაც ეხება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

Civil.Ge © 2001-2024