მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონს სტუმრობს
Civil Georgia, Tbilisi / 14 Mar.'18 / 19:17


კონგრესის წევრი, ნენსი პელოსი და გიორგი მარგველაშვილი, 13 მარტი, 2018. ფოტო: president.gov.ge

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 12-16 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტით სტუმრობს, რომლის მიზანიც, პრეზიდენტის პრესსამსახურისინფორმაცით, საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.

14 მარტს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერს, ნენსი პელოსის შეხვდა. შეხვედრის დროს მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პელოსის აშშ-ის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის გამო და ინფორმაცია მიაწოდა მას ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ.

პრეზიდენტი მარგველაშვილი ასევე შეხვდა ამერიკელ სენატორებს რობერტ მენენდესს, ბობ კორკერს და ჯინ შაჰინს, და ასევე კონგრესმენ ჯერალდ კონოლის. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს მხარდაჭერისთვის და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გამართა შეხვედრა ატლანტიკური საბჭოს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესი და აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ჰადსონის ინსტიტუტში ექსპერტული წრეების წარმომადგენლებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მოგვიანებით მან ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიმართა სიტყვით.

Civil.Ge © 2001-2024