საქართველო და შვედეთი მსჯავრებულთა დაბრუნების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს
Civil Georgia, Tbilisi / 15 Mar.'18 / 18:03


მორგან იოჰანსონი და გიორგი გახარია, სტოკჰოლმი, შვედეთი. 13 მარტი, 2018. ფოტო: police.ge

საქართველოს და შვედეთის სამართალდამცავი სტრუქტურები გააძლიერებენ თანამშრომლობას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში და ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მოიხდიან სასჯელს, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 14 მარტს.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ერთი დღით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თავის შვედ კოლეგას, მორგან იოჰანსონს შეხვდა, ხოლო რამდენიმე კვირით ადრე ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა, წუხილი გამოთქვა საქართველოს მოქალაქეთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ზრდაზე და თავშესაფრის მინიჭების შესახებ მოთხოვნების მატებაზე, რამაც ეჭვები აღძრა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირმა შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი აამოქმედოს.

„ჩვენ გავმართეთ შეხვედრები შვედეთის იუსტიციის მინისტრთან. ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლდათ იმ საკითხების გადაწყვეტა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ შვედეთის იუსტიციის სამინისტროში წამოიჭრა... ჩვენ შევთანხმდით რამდენიმე ღონისძიებაზე, ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ თანამშრომლობა ოპერატიულ დონეზე სამართალდამცავებს შორის გაღრმავდება“, - განაცხადა მინისტრმა გახარიამ შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ „ფაქტობრივად მივაღწიეთ იმ გადაწყვეტილებას, რომ უახლოეს პერიოდში შვედეთის მთავრობის მხრიდან მსგავსი საკითხი, უკვე როგორც პრობლემური, აღარ დაისმევა“.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მისი შვედი კოლეგა დაინტერესდა საქართველოს მოქალაქეების ქართულ ციხეებში გადმოყვანის შესაძლებლობით. áƒ›áƒáƒ áƒ’ან იოჰანსონმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ შვედეთის თხოვნაზე თანხმობა განაცხადა. შვედური მედიის ინფორმაციით, შესაბამის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ორ თვეში მოეწერება ხელი.

შვედეთის წუხილებზე მორგან იოჰანსონმა 8 მარტსაც ისაუბრა, ბრიუსელში საშინაო საქმეთა საბჭოს სხდომამდე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და საშინაო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ. მინისტრმა განაცხადა, რომ მას თბილისთან საუბარი სურდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რაოდენობასთან, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთში ჩადენილი ძარცვების თითქმის ნახევრის უკან უცხოური კრიმინალური ქსელები იდგა. „ოთხი ქვეყანა დავადგინეთ, რომლებთანაც ვმუშაობთ - ესენია რუმინეთი, ლიტვა, პოლონეთი და საქართველო; ამრიგად, გვინდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს ზომები ამ ტიპის ქმედებებთან საბრძოლველად“, - განაცხადა იოჰანსონმა.

იგივე თემას იოჰანსონი მოგვიანებითაც შეეხო და განუცხადა Radio Sweden-ს, რომ ქვეყანა ვეღარ აიღებს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც მათ გაასამართლებდნენ. „ჩვენი საკუთარი კრიმინალებისთვისაც გვჭირდება სივრცე შვედეთში“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თბილისმა ადრე უარი განაცხადა საკუთარი მსჯავრდებულების წაყვანაზე და ამის მიზეზად ციხეებში ადგილის ნაკლებობა დაასახელა.

9 მარტს, გიორგი გახარია ჰააგაში ევროპოლის შტაბბინას ესტუმრა, სადაც „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. მხარეებმა ასევე მოაწერეს ხელი „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მეკავშირე ოფიცერი წარგზავნოს ევროპოლის შტაბბინაში.

Civil.Ge © 2001-2024