საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართალს ‘უგულებელყოფს’
Civil Georgia, Tbilisi / 16 Mar.'18 / 13:01

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაციით და ანექსიით „სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები“, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ყირიმის ანექსიის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით გავრცელდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი“, - განაცხადა სამინისტრომ. 

„ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოხატა „მტკიცე მხარდაჭერა“ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და აღნიშნა, რომ „დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე“.

Civil.Ge © 2001-2024